კამპანია ირანის დისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლისთვის

წინამდებარე მიმოხილვა მომზადდა მარიამ მირზას ავტორობით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისთვის (CTC).

წინამდებარე ქეისი მიმოიხილავს 2006 წელს ირანელი ფემინისტების მიერ დაწყებულ კამპანიას სახელწოდებით „მილიონი ხელმოწერა დისკრიმინაციული კანონმდებლობის გასაუქმებლად“. კამპანიის უმთავრესი მიზანი გახლდათ ქალებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა. ამისთვის, კამპანიის ავტორებმა წამოიწყეს ირანის მილიონი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება სასურველი ცვლილების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის ერთადერთი მიმართულება არ იყო მხოლოდ ხელმოწერების შეგროვება, ეს კამპანია სწორედ „მილიონი ხელმოწერის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი.

მილიონი ხელმოწერის კამპანია დაესესხა მაროკოს მაგალითს. მისი დაწყება უკავშირდება ირანის დედაქალაქ თეირანში ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ სამ მთავარ საპროტესტო გამოსვლას. პირველი გამოსვლა 2005 წელს ირანის საპრეზიდენტო გამოსვლების წინ მოეწყო და წარმატებას მიაღწია, რადგან შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის გამო, ხელისუფლება მოერიდა მოსახლეობის პოლიტიკური უკმაყოფილების გამწვავებას და არჩევნებში აქტიური მონაწილეობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. მეორე საპროტესტო აქცია 2005 წლის 8 მარტს  – ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. აქცია რეჟიმმა დაარბია. მესამე აქცია გაიმართა პირველი პროტესტიდან ერთი წლის თავზე. როგორც წინა შემთხვევაში, ხელისუფლებამ ეს აქციაც დაარბია და 70-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრა.

მესამე საპროტესტო აქციის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც გამოხატავდა ირანელი ქალების მიერ ასწლეულის განმავლობაში დაყენებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდები გაერთიანდნენ ახალ ძალად, რომელსაც უფრო ფართო სოციალური მიზანი ჰქონდა. ასე, რომ ბოლო პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, 2006 წლის 27 აგვისტოს, ქალთა მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებმა წამოიწყეს კამპანია „მილიონი ხელმოწერა დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმებისთვის“. კამპანიის მონაწილეებმა დაიწყეს საზოგადოების წევრებთან პირისპირ საუბრების სერია, რათა აემაღლებინათ ცნობიერება დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ, შეეგროვებინათ ხელმოწერები და ამით გაეზარდათ ზეწოლა კანონმდებლებზე არადისკრიმინაციული კანონმდებლობის შემოღების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის ორგანიზატორებს არ დაუწესებიათ კამპანიის დასრულების კონკრეტული თარიღი, იგი 2009 წლისთვის პრაქტიკულად უკვე დასრულებული იყო.

კამპანიის პრინციპები

მილიონი ხელმოწერის კამპანიის მოთხოვნები და პრინციპები განისაზღვრა შემდეგ სამ გამოქვეყნებულ დოკუმენტში:

  1. კამპანიის განაცხადი (რომლისთვისაც გროვდებოდა ხელმოწერები) წარმოადგენდა პრობლემის მოკლე აღწერას, ანუ საკანონმდებლო დისკრიმინაციას ირანელი ქალების წინააღმდეგ და რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს. სწორედ ამ განაცხადზე ხელმოწერებს აგროვებდნენ კამპანიის მხარდამჭერები. გარდა ამისა, ხელმომწერებს შეეძლოთ მოენიშნათ, თუ რომელი კანონის გადაუდებელ შეცვლას მიიჩნევდნენ ისინი აუცილებლად.
  2. კამპანიის გეგმა, რომელიც მოიცავდა:
    • (ა) დეტალურად ჩაშლილ მიზნებს, როგორიცაა „კოლექტიური მონაწილეობა“, „საზოგადოების ცნობიერება“, „მარგინალიზებული ქალების წარმომადგენლობა“ და „ცნობიერების ამაღლება“. გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე იყო ხაზგასმული ის, რომ კამპანია მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას. ამით ქალთა მოძრაობა ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ცვლილების მოთხოვნა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქალთა ვიწრო ჯგუფით, კონკრეტული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებით ან რომელიმე სოციალური კლასით.
    • (ბ) მეთდოლოგიური მიდგომა: გადაწყდა, რომ კამპანიის აქტივისტები კარდაკარის პრინციპით შეეცდებოდნენ გასაუბრებოდნენ ადამიანებს სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ავტობუსებში, პარკებში, საავადმყოფოებში, სპორტულ დარბაზებსა და ისეთ რელიგიურ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, მეჩეთები და ა.შ. ამასთან, აქტივისტები ამ მიდგომას გამოიყენებდნენ მათ სამეზობლოებში არა მხოლოდ თეირანში, არამედ ირანის სხვა ქალაქებშიც.
    • (გ) მოხალისეების მომზადება: ასევე გადაწყდა, რომ კამპანიის წარმართვისთვის საჭირო იქნებოდა მოხალისეების მომზადება. ტრენინგის, შეხვედრებისა და გამოცდილების შესახებ დოკუმენტური მასალის შეგროვება მომავალ აქტივობებთან დაკავშირებისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის მიზნით დაევალა მოხალისეთა ჯგუფს. გარდა ამისა, მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი უძღვებოდა კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერების დათვლასა და ციფრულ ფორმატში გადატანას.
    • (დ) განცხადება იმის შესახებ, რომ კამპანიას არაფერი ჰქონდა ისლამის საწინააღმდეგო: კამპანიის გეგმაში ხაზგასმული იყო, რომ კამპანია არ ეწინააღმდეგებოდა ისლამს, როგორც ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველს. გეგმაში ნახსენები იყო, რომ კამპანიას სწამდა ისლამის უფრო თანამედროვე ფორმისა, რომელიც მხარს უჭერს მეტ თანასწორობას მამაკაცებსა და ქალებს შორის. ეს განაცხადი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ისლამის და ტრადიციული რწმენის მიმდევარია. გარდა ამისა, კამპანიის ორგანიზატორების აზრით, ამგვარი განცხადება შეამცირებდა ხელისუფლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან მომდინარე საფრთხეებს.
  3. ბუკლეტი სახელწოდებით „კანონის ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე“: ბუკლეტში დეტალურად იყო ახსნილი დისკრიმინაციული კანონები მუხლები და ცვლილებების გადაუდებელი საჭიროება. უფრო კონკრეტულად კი, ბუკლეტში განხილული იყო ისეთი ნორმები, რომლებიც შეეხება ქორწინების ასაკს, განქორწინებას, მეურვეობას, ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, მემკვიდრეობას, სისხლის გამოსასყიდს, ჩვენების მიცემას, წამყვანი მენეჯერული პოზიციების დაკავებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ღირსების დაცვის მკვლელობებს, ჩაქოლვის განაჩენს და ჰიჯაბის ტარების იძულებას.

სტრატეგიები და მეთოდოლოგიები

  1. კამპანიის მთავარი სტრატეგია გულისხმობდა პირისპირ გასაუბრებებს განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ ქალებთან, როგორც მათ საცოხვრებელ სახლებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ირანის რეჟიმის მიერ ხალხის გასაჩუმებლად შემოღებული ონლაინ და ოფლაინ ცენზურის გათვალისწინებით, პირისპირ საუბრების მეთოდოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ მისი წყალობით კამპანიის ფარგლებში გაიმართა უამრავი დისკუსია ძირითადი საკითხისა და სხვა თემების ირგვლივ ოჯახური შეკრებების დროს ან ისეთ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ამგვარი განხილვები არ მიმდინარეობდა.
  2. იმისთვის, რათა ხმა მიეწვდინათ ახალგაზრდებისთვის, კამპანიას ესაჭიროებოდა უნივერსიტეტებზე წვდომა. შესაბამისად, კამპანიის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტების სტუდენტები მოხალისეებად მიიწვიეს. ამ გადაწყვეტილების შედეგად კამპანიამ არა მხოლოდ გაიჩინა მხარდამჭერთა ძლიერი ქსელი, არამედ ერთმანეთთან დააკავშირა სტუდენტური და ქალთა მოძრაობები.
  3. კამპანიამ წარმატებით შეძლო სხვადასხვა პროფესიული თუ სოციალური გამოცდილების მქონე ქალი აქტივისტების მოზიდვა. კამპანიის ორგანიზატორები რელიგიური გამოცდლების მქონე ქალების ჯგუფს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მათ, საჭიროების შემთვევაში, შეეძლოთ დახმარების გაწევა რელიგიურ ლიდერებთან მოლაპარაკების პროცესში ირანის არაოფიციალურ რელიგიურ დედაქალაქ ქომში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის, ან სულ მცირე, თანხმობის შემთხვევაში, სასურველი ცვლილების მიღწევას უფრო სწრაფად და იოლად შეძლებდნენ.
  4. კამპანიის წევრების ორგანიზება არ მომხდარა ტრადიციული იერარქიით. კამპანიის დამფუძნებლებს სურდათ, რომ კამპანიის წარმომადგენელი ნებისმიერი მისი წევრი ყოფილიყო. ამ მიდგომით, კამპანიას უფრო მაღალი შანსი ქონდა გამხდარიყო მასშტაბური და დეცენტრალიზებული თეირანიდან – ადგილიდან, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა მას.
  5. კამპანია მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ხმის მიწვდენას არა მხოლოდ მათი მხარდაჭერის მობილიზებისთვის, არამედ იმის სათქმელადაც, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას თავად უნდა ესაუბრათ საკუთარ პრობლემებზე.
  6. კამპანიას არ მიუღია რაიმე სახის ფინანსური დახმარება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედი რომელიმე ორგანიზაციისგან, რათა შეემცირებინათ შესაძლო რისკები მონაწილეებისა და მოხალისეებისთვის. ორგანიზატორებს სურდათ, რომ ხარჯები დაფარულიყო აქტივისტების ან მათი მხარდამჭერების მიერ ნებაყოფლობით გაღებული თანხებიდან.
  7. მიუხედავად იმისა, რომ კამპანიას ბევრი მიიჩნევდა პოლიტიკურ აქციად, ჯგუფის შიგნით გადაწყდა, რომ აქტივისტებს ან მონაწილეებს არ ექნებოდათ პოლიტიკური გამოსვლების უფლება რომელიმე ჯგუფის ან ინდივიდის წინააღმდეგ.

გამოწვევები, წინააღმდეგობები, შეცდომები

მილიონი ხელმოწერის კამპანიამ დასაწყისიდანვე გამოწვია ქვეყნის ხელისუფლების შეშფოთება ნაწილობრივ იმის გამო, რომ მის სათავეებთან იდგა 50 გამოჩენილი აქტივისტი ქალი, რომლებიც საკუთარი აქტივიზმით დისკომფორტს უქმნიდნენ მთავრობას. კამპანიის სტრატეგია და მისი წევრების მიერ წამოყენებული მოთხოვნები ასევე აღიქმებოდა პოტენციურ „საფრთხედ“ ხელისუფლების მიერ, რადგან იგი ხსნიდა სივრცეს დისკუსიისა და მსჯელობისათვის იმ ფონზე, როდესაც მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა გამოხატვის თავისუფლებას.

კამპანიის გახსნის ცერემონია დაგეგმილი იყო 2006 წლის 27 აგვისტოს თეირანის კულტურის სახლში, თუმცა გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ცერემონია გადაიდო, რადგან უსაფრთხოების სამსახურმა შენობის მენეჯერს მოსთხოვა არ გაეღო შენობა აქტივისტებისთვის. თუმცა, ჩარევა და გამოწვევები ამით არ დასრულებულა: კამპანიის მთელი მსვლელობის განმავლობაში მის მონაწილეებზე სხვადასხვა საშუალებებით ხორციელდებოდა ზეწოლა, მათ ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, დაკითხვებით, წამებით. გარდა ამისა, ზეწოლა ვრცელდებოდა ოჯახების წევრებზეც, კამპანიის აქტივისტებს არ უშვებდნენ საზოგადოებრივ შენობებში და არ აძლევდნენ კაფეებში შეხვედრების გამართვის საშუალებას (ამის გამო აქტივისტები იძულებულები გახდნენ  შეხვედრები გაემართათ კერძო სახლებში, რამაც გააძლიერა შეტევები უსაფრთხოების სამსახურების მიერ), მათ უსამართლოდ აპატიმრებდნენ, როზგავდნენ და სდევნიდნენ ქვეყნიდან.

კამპანიის 50 აქტივისტზე მეტი დააპატიმრეს ექსკულზიურად მათი აქტიურობის გამო, ათობით მათგანს აუკრძალეს უმაღლესი განათლების მიღება ან ამგვარი განათლების გაგრძელება, უამრავ აქტივისტს კი ჩამოართვეს პასპორტები და აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა.

ირანის ხელისუფლებამ რამდენჯერმე მიიღო შეტყობინება საერთაშორისო თანამეგობრობისგან აქტივისტების დევნისა და დასჯის შეჩერების მიზნით. თუმცა, რეპრესები კვლავ გაგრძელდა 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად კონტროლირებადი კონტექსტის გამო, აქტივისტებს ისედაც უჭირდათ ქუჩაში გამოსვლა, ადამიანებთან საუბარი, ხელმოწერების შეგროვება, შეხვედრების ჩატარება და ხელმოწერების დაარქივება, 2009 წლიდან მოყოლებული მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ქვეყანაში უსაფრთხოდ გაჩერება. ზოგმა მათგანმა ამჯობინა ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყნა, დანარჩენებმა გადაწყვიტეს ქვეყანაში დარჩენა და ჩუმად ყოფნა სიტუაციის გამოსწორებამდე.

თუმცა, ხელისუფლების მკაცრი რეაქცია არ ყოფილა ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი: ჯგუფის შიგნით მიმდინარე დებატებმა ასევე გაართულა თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები შეეცადნენ გვერდზე გადაედოთ პირადი უთანხმოებები კამპანიის გამო, სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე იყო ახალგაზრდა აქტივისტებისათვის, რადგან მათ გაუჩნდათ განცდა, რომ რომელიმე მხარე უნდა დაეჭირათ.

კიდევ ერთი პრობლემა შექმნა კამპანიის მართვის ჰორიზონტალურმა სტრუქტურამ. მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებს არ სურდათ დაენერგათ ლიდერშიპის ტრადიციული, ვერტიკალური მოდელი, ზოგი მათგანისთვის გამოწვევად იქცა ლიდერობის სადავეების ხელში აღებისგან უარის თქმა. შიდა გამოწვევებზე ამ დრომდე ერიდებიან საჯაროდ საუბარს, თუმცა, კამპანიის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ შიდა პრობლემებზე მსჯელობა დაეხმარებოდა ახალგაზრდა აქტივისტებს თავიდან აეცილებინათ იგივე შეცდომები.

თუმცა, ყველაზე დიდი შეცდომა კამპანიის ორგანიზატორებმა მაშინ დაუშვეს, როდესაც მთელი მოსავლის ერთ ბეღელში მოქცევა გადაწყვიტეს: კამპანიის მიზნების ირგვლივ უამრავი ფემინისტი აქტივისტი გაერთიანდა, რამაც ისე გაზარდა კამპანიის მასშტაბი, რომ თითქმის შეუძლებელი გახდა მისი მართვა. შედეგად, კამპანიამ შთანთქა ქალთა მოძრაობა და მალე ეს ორი თითქმის სინონიმებად იქცა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალთა მოძრაობის ის წევრები და აქტივისტები, რომლებიც არ აქტიურობდნენ კამპანიის წარმართვის პროცესში, მოძრაობის მიღმა  – აუტსაიდერების პოზიციაში აღმოჩნდნენ.

 

მნიშვნელოვანი გამოცდილება

იყო თუ არა მილიონი ხელმოწერის კამპანია ირანის ქალთა მოძრაობის შეცდომა? რასაკვირველია, არა. შეიძლება მის აქტივისტებს ჯერ არ მოუკრებიათ ძალა შეცდომებზე გულწრფელად სალაპარაკოდ თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამპანიამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. ის გახლდათ არა მხოლოდ განსაკუთრებული გამოცდილება, რამაც ირანის ქალთა მოძრაობას დაანახა როგორც საკუთარი, ისე საზოგადოების ძლიერი და სუსტი მხარეები, არამედ, ეს გამოცდილება აღმოჩნდა არაჩვეულებრივი გაკვეთილი ირანის მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. გაკვეთილი, რომელმაც დაანახა მათ ერთად დგომის, ზეწოლასთან გამკლავების, შიდა დაპირისპირების თავიდან აცილების და/ან გადაჭრის მნიშვნელობაც და სირთულეებიც.

კამპანიამ შეძლო ქალთა მოძრაობის გაშლა ქვეყნის მთავარი ქალაქების ფარგლებს გარეთაც. კამპანიის დაწყებამდე ირანის ქალთა მოძრაობა მიიჩნეოდა ელიტურად, რადგან მის სათავეებთან იდგა ძირითადად თეირანელი აქტივისტები. შეკრებებსაც ერთი და იგივე ადამიანები ესწრებოდნენ. კამპანიის წყალობით კი, მოძრაობა მოედო ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა ჰამედანი, გორგანი, ზანიჯანი, ყარაჯი, იაზდი და ქერმანშააჰი.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ვერ გასცდა პირველ ფაზას, ანუ მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და შესაბამისად, ვერ განახორციელა მეორე ფაზა, რაც გულისხმობდა კანონმდებლების დარწმუნებას დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაცვლელად, მან მაინც შეძლო ნობიერების ამაღლება ქალების მიმართ დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე ცენზურისა და რეპრესიების ფონზე, კამპანია იქცა საზოგადოების ხმად, რაც ასე იშვიათია ირანში.

კამპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათ შეძლეს ასობით ათასი ხელმოწერის მოგროვება 2009 წლისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობას. დროთა განმავლობაში, კამპანიის დამფუძნებლებმა შესაძლოა ასევე მოიკრიბონ ძალა და ღიად დაიწყონ საუბარი აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა თაობას გააცნობიერონ მათი მიღწევისა და მარცხის საფუძვლები და სწორედ ამ გამოცდილებაზე დააშენონ სამომავლო ღონისძიებები.