ENG

სამოქალაქო მობილიზაციისა და აქტივიზმის მიდგომების შესახებ

წარმოგიდგენთ Stanford Social Innovation Review-ს 2021 წლის შემოდგომის გამოცემაში გამოქვეყნებული სამოქალაქო მობილიზაციისა და აქტივიზმის თემაზე ჩატარებული რამდენიმე კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვების ადაპტირებულ თარგმანს.

Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

მოხალისეობა და უანგარო ლიდერობა

“Voluntarism and Unselfish Leadership”  ორიგინალი ნაშრომის ავტორია Daniela Blei

გრეტა ტუნბერგის პერსონალურმა გადაწყვეტილებებმა მის მიმართ ნდობა გააძლიერა – მის მოწოდებაზე ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ზეწოლას ახდენენ საკუთარ სახელმწიფოებზე და მათგან კონკრეტულ მოქმედებებს მოითხოვენ გლობალურ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად. 18 წლის შვედმა აქტივისტმა, რომელმაც 2018 წელს სკოლების გაფიცვის მოძრაობა დაიწყო, 2015 წლიდან შეწყვიტა საჰაერო ფრენებით სარგებლობა, უარი თქვა ტანსაცმლის ყიდვაზე (გაცვლა ან მეორადი ნივთების ყიდვა ამჯობინა) და ვეგანი გახდა.

კოლორადო ბოულდერის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი, კრისტერ ანდერსონი ამბობს, რომ გრეტა ტუნბერგი იმის გამორჩეული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება „უანგარო ლიდერობამ“ რეალური შედეგი გამოიღოს, მით უმეტეს ისეთ სფეროში, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, სადაც ამ კრიზისის სამართავად ძლიერი ინსტიტუტები არ არიან წარმოდგენილი. „ტუნბერგმა ადამიანების გაერთიანება თავისი ქმედებებითა და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებით შეძლო. ინსტიტუტების დაარსებამდე თუ გაძლიერებამდე უანგარო ლიდერობას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს“ – ამბობს ანდერსონი.

10 წლის წინ გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტში (IIASA), მუშაობისას ტრანსნაციონალური კოლაბორაციის ფარგლებში ანდერსონი ადგილობრივი ორგანიზაციების აღმოცენების საკითხებს იკვლევდა. ამ პერიოდში ის ეკონომიკის სფეროს პირველი ნობელიანტი ქალის, ელინორ ოსტრომის, ნოვატორულ მიდგომას გაეცნო. ეს მიდგომა მოიცავდა გზებს, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ინსტიტუტები კოლექტიურ ინსტიტუტებად ფორმირდებოდნენ, რათა გაზიარებული რესურსები დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევისა და ბაზრის მექანიზმების კარნახის გარეშე ემართათ. „კვლევის ამ ახალმა არეალმა მაჩვენა, როგორი მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინსტიტუციები და როგორ შეუძლიათ მათ მოვლენები დრამატულად შეცვალონ, თუმცა, რაც არ იყო საკმარისად განხილული არის საკითხი, თუ საიდან მოდიან ეს ადგილობრივი ინსტიტუტები? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ისინი ჩნდებიან, ზოგჯერ კი არა?“.

ანდერსონმა ორ კოლეგასთან ერთად (დოქტორანტები კიმბერლი ჩენგი და ადრიანა მოლინა-გარზონი) საველე ლაბორატორიული ექსპერიმენტის კვლევის დიზაინი შეიმუშავა. მკვლევრებმა ბოლივიისა და უგანდის 8 სოფლიდან 128 მცხოვრები შეარჩიეს და გადაწყვიტეს, გამოეცადათ ჰიპოთეზების სერიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ლიდერობა იწვევდეს ან ხელს უწყობდეს ახალი ინსტიტუციების წარმოშობას. კვლევის მონაწილეებს გაზიარებული რესურსის სახით ჰქონდათ ადგილობრივი ტყე და უნდა გადაეწყვიტათ რამდენი ხე მოეჭრათ. მკვლევრები კი ამ პროცესს აკვირდებოდნენ. ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები განსაზღვრავდა ფულად სარგებელსა და იმ ხეების რაოდენობას, რაც დარჩებოდა ტყეში ჯგუფის სხვა წევრებისთვის. სიმულაციის თითოეულ რაუნდში მონაწილეებს დრო ეძლეოდათ დისკუსიისთვის. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ინდივიდები, ვინც უანგარო ქცევის დემონსტრირებას ახდენდნენ, ჯგუფში კონსენსუსის მიღწევის პროცესის ფასილიტირებას ახერხებდნენ და ჯგუფის წევრებს უხსნიდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა შემოეღოთ და დაენერგათ მათთვის საჭირო ახალი წესები. ეს უანგარო ინდივიდები ჯგუფის დინამიკის ტრანსფორმაციას ახდენდნენ, ახალისებდნენ კოლექტიურ ქმედებას და საერთო შეთანხმებისაკენ სწრაფვას. – „ჩვენს კვლევაში აღმოვაჩინეთ, რომ ლიდერული ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიდერების პიროვნული თვისებები.  ლიდერული მოქმედებები კი შეიძლება წამოვიდეს ჯგუფის ნებისმიერი წევრისგან, ვინც თავგანწირვას გამოამჟღავნებს.“ – ამბობს ანდერსონი.  

“…….. მათი კვლევა აჩვენებს, რომ უანგარო, მოხალისეობრივ ლიდერულ ქცევებს შეუძლია შეამციროს გაურკვევლობები, რაც სოციალურ დილემებს თან ახლავს და ამ დილემების მოსაგვარებლად გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყოს ხელი. მათი მიგნება იმის შესახებ, რომ გაურკვევლობის პირობებში უანგარო ლიდერობა ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს  ინსტიტუციების ინიცირებაზე გვეხმარება უკეთ გავიაზროთ გაზიარებული რესურსის მართვის საკითხების თეორია თუ პრაქტიკა“ – ასე აფასებს მკლევრების მიგნებას დარტმუთის კოლეჯის გარემოს კვლევების პროფესორი, მაიკლ კოქსი.

რა ტიპის პროტესტი მუშაობს?

“What Kind of Protests Work” ორიგინალი ნაშრომის ავტორი Daniela Blei

რამდენიმე წლის წინ მეთიუ ფეინბერგი და რობ უილერი კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეეჩეხნენ, რომლებმაც მათ გზა გადაუღობეს და უსიამოვნოდაც მოექცნენ. ფეინბერგი და უილერი, რომლებიც დღეს ტორონტოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ფსიქოლოგები არიან, იმ დროს პროტესტის იდეას იზიარებდნენ. თუმცა ამგვარი მტრული შეხვედრის შემდეგ თავად მონაწილეების თანაგრძნობა გაუჭირდათ. ფრენბერგი და უილერი დაინტერესდნენ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს საპროტესტო ქმედებები სოციალური მოძრაობების მხარდაჭერაზე, ხელის შემშლელია თუ ხელშემწყობი პროტესტის მონაწილეების ისეთი ქმედებები, როგორიცაა საცობის შექმნა, გზების გადაკეტვა, საკუთრების დაზიანება ან რაიმე სხვა ზიანის მომტანი ქცევები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფსიქოლოგებმა, დოქტორანტ ქლო კოვაჩევთან ერთად, 6 ექსპერიმენტი ჩაატარეს და მასში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში მცხოვრები ასობით ადამიანი დაიქირავეს. კერძოდ, მათ შეაფასეს მათი პასუხები საპროტესტო ქცევების ისტორიებზე, რომლებიც აღიქმებოდნენ ექსტრემალურად და გამოხატული ზიანის მომტანად. ამ მიზნით მკლევრებმა ფართო სპექტრის პროგრესული თუ კონსერვატიული პოლიტიკური საპროტესტო მოქმედებები შეარჩიეს. შესწავლისას ავტორებმა გამოიძიეს ის ფსიქოლოგიური პროცესები, რომელიც კვლევის მონაწილე ადამიანებში ემოციებს აღძრავდა. 

„სოციალური იდენტობა ანუ რამდენად გრძნობს ინდივიდი, რომ ჯგუფის წევრია, მაღალი მოტივატორია. როდესაც ადამიანები საკუთარ თავს რომელიმე ჯგუფს მიაკუთვნებენ, მათ უჩნდებათ სურვილი რაიმე გააკეთონ ამ ჯგუფისთვის. დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ექსტრემალური საპროტესტო ქცევები ხშირად აღქმულია, როგორც ამორალური, რაც ამცირებს ინდივიდის ემოციურ კავშირს და შესაბამისად იდენტიფიცირებას ამ მოძრაობასთან.“ – ხსნის კოვაჩევი. ანუ როდესაც კვლევის მონაწილეები უყურებდნენ ექსტრემალურ საპროტესტო გამოსვლებს, ისინი დისტანცირდებოდნენ ჯგუფისგან და ნაკლებად ახდენდნენ მასთან იდენტიფიკაციას. შესაბამისად, მცირდებოდა მხარდაჭერა.

კერძოდ, მონაწილეები პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავ ქცევებს ამორალურად მიიჩნევდნენ. „ჩვენ საკმაო ინფორმაცია გვაქვს საპროტესტო მოძრაობების გამომწვევ მიზეზებზე, თუმცა ცოტა რამ ვიცით ქცევების იმ ტაქტიკებისა და ფორმების შესახებ, რაც ზეგავლენას ახდენს საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებასა და შესუსტებაზე. ეს მიგნებები აჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით, ექსტრემალური საპროტესტო ქცევები არ არის ეფექტიანი ტაქტიკა“– ამბობს გრონინგენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მარტინ ვან ზომერენი.

ფეინბერგი, უილერი და კოვაჩევი გასცდნენ ძალადობისა და მშვიდობის გაგების ორპოლუსიან ჩარჩოს და მიზანში განსხვავებული კატეგორია – არაძალადობრივი, თუმცა მაინც დამაზიანებელი/აგრესიული პროტესტები ამოიღეს. მათი ექვსი ექსპერიმენტი მხედველობაში იღებდა ისეთ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს პასუხების ფორმირებაზე – პოლიტიკური შეხედულებები, იდეოლოგია, ეთნიკურობა, მანამდე არსებული დამოკიდებულებები. ექვსივე ექსპერიმენტში ავტორები საპროტესტო მოძრაობების მიმართ მონაწილეთა მხარდაჭერას ზომავდნენ და ეკითხებოდნენ სამომავლოდ თუ მიიღებდნენ მონაწილეობას ასეთ პროტესტში. ამით კვლევის ავტორები იგებდნენ არამხოლოდ იმას, რამდენად მცირდებოდა მხარდაჭერა ამ კონკრეტული საპროტესტო გამოსვლის მიმართ, არამედ სრულიად ამ მოძრაობის მიმართ თუ იცვლებოდა ადამიანების დამოკიდებულება. ავტორებმა დაადასტურეს, რომ ეჭვგარეშეა, რომ ექსტრემალური ქმედებები საპროტესტო მოძრაობის ცენტრალურ პოზიციებსაც კი ასუსტებს. შესაბამისად, აქტივისტები დილემის წინაშე დგანან – ერთი მხრივ, ზიანის მომტანი საპროტესტო ქმედებები ხშირად წარმატებით ახდენს გავლენას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ინსტიტუციებს ცვლილებებისკენ უბიძგებს, მეორე მხრივ კი ასეთი ქმედებები ამორალურად აღიქმება და საზოგადოებრივ მხარდაჭერას ამცირებს.

კოვაჩევი ხსნის, რომ კვლევების თანახმად, მეტი შანსია, მედიამ ექსტრემალური პროტესტი გააშუქოს და ამით მიიზიდოს აუდიტორია, რაც საპროტესტო საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას იწვევს, თუმცა მათი კვლევის მიხედვით, ამ ტაქტიკამ შესაძლოა დიდი დანაკარგები მოუტანოს საპროტესტო მოძრაობას საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირების სახით. აქტივისტებს შეუძლიათ, დაფიქრდნენ რამდენიმე სტრატეგიის კომბინირებაზე და ფოკუსირდნენ იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც გააძლიერებენ მორალურობის აღქმას, სოციალურ იდენტობასა და ემოციურ ბმას საზოგადოებასთან.

ბოიკოტები და კორპორაციული საბჭოები

“Boycotts and Corporate Boards” ორიგინალი ნაშრომის ავტორი Chana R. Schoenberger

დღეს ხშირად ვხვდებით სოციალური მედიაში მოწოდებებს, სადაც აქტივისტები კომპანიებისადმი ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვენ მნიშვნელოვანი ღირებულებებთან შეუთავსებლობის გამო. ზოგჯერ ესაა პროგრესული ღირებულებები, როგორიცაა გარემოსდაცვითი საკითხები ან ლგბტ თემის უფლებები, ზოგჯერ კონსერვატიული  – რელიგიური თავისუფლება და იარაღის ტარების ირგვლივ არსებული თემები. სოციალური მოძრაობები ბოიკოტებს კორპორატიული ქცევის შეცვლისთვის ეფექტიან საშუალებად აღიქვამენ.

წარმოდგენილი კვლევის პუბლიკაცია ბოიკოტს განსხვავებული კუთხიდან აფასებს. კონკრეტულად კი ფოკუსირებულია თუ რა გავლენა აქვს მას კომპანიის დირექტორთა საბჭოზე. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბოიკოტები კადრების გადინებას პროვოცირებენ და შედეგად ყველაზე ხშირად დირექტორები ტოვებენ თანამდებობებს. რაც იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზაციის სოციალური ღირებულებები კონფლიქტში მოდის მათ პირად ღირებულებებთან“ – აცხადებენ სტატიის ავტორები – მერი ჰანტერ მაკდონელი და ჯ. ადამ კობი.

მკვლევრებმა 2000-2014 წლების განმავლობაში გამოცხადებული 120 ბოიკოტის მასალა მოაგროვეს და შეისწავლეს თუ როგორ ახდენდა გავლენას ეს პროცესი კადრების გადინებაზე. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასეს კომპანიის დირექტორების ინდივიდუალური იდეოლოგიური და პოლიტიკური შეხედულებები. აღმოჩნდა, რომ მეტი ალბათობაა დირექტორმა დატოვოს საბჭო იმ შემთხვევაში, თუ მათი პიროვნული ღირებულებები ემთხვევა იმ სოციალური მოძრაობის ღირებულებებს, რომელიც „თავს ესხმის“ კომპანიას. თუმცა ლიბერალებთან შედარებით უფრო კონსერვატორული შეხედულების დირექტორები ინარჩუნებენ საკუთარ პოზიციებს საბჭოში. ანუ როცა ლიბერალი დირექტორები უპირისპირდებიან კონსერვატორულ აქტივისტებს, ისინი უფრო მეტად ტოვებენ პოზიციებს, ვიდრე კონსერვატორები, რომლებსაც ლიბერალები უპირისპირდებიან.

ეს მიგნება შეესაბამება ჰიპოთეზას „მემარჯვენეობის სიხისტის შესახებ“ (rigidity of the right), რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ფილიპ თეთლოკმა განავითარა. თეორია გულისხმობს, რომ ადამიანები უფრო დოგმატურები (doctrinary) არიან, რაც უფრო პოლიტიკურად მემარჯვენე შეხედულებები აქვთ. კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ როდესაც სოციალური ბოიკოტი კომპანიის საბჭოს ინდივიდუალური წევრის პოლიტიკურ გემოვნებას ემთხვევა, უფრო მეტია შანსი ამ ადამიანმა დატოვოს დირექტორთა საბჭო. ასევე სოციალური მოძრაობის ბოიკოტები მხოლოდ მაშინ ახდენს გავლენას დირექტორის პიროვნულ გადაწყვეტილებაზე, როდესაც ეს მომხმარებლის დიდ უკმაყოფილებასა და უჩვეულოდ მაღალი ხარისხის კრიტიკას იწვევს კომპანიის მიმართ.  

 „კვლევის ერთ-ერთი დამაფიქრებელი შედეგი ის გახლავთ, რომ სოციალური მოძრაობის უნებლიე შედეგი შეიძლება იყოს მათივე შეხედულების მქონე თანამზრახველის გამოაშკარავება და მათი დილემის წინაშე დაყენება თუ როგორ არ შეესაბამება მათი დამსაქმებელი კომპანია მათ პირად ღირებულებებს“. – აცხადებს მაკდონელი. ის ამატებს, რომ წინა კვლევების შედეგების მიხედვით, დირექტორები ერთ-ერთი პირველები „ტოვებენ გემს“, რადგან ეს კომპანია ხშირად არაა მათი ძირითადი დამსაქმებელი და ისინი საკუთარ რეპუტაციას მეტად უფრთხილდებიან. მაშ რა უნდა ქნან კომპანიის საბჭოს წევრებმა? ისეთი კომპანიები უნდა იპოვონ, რომლებიც მათ ღირებულებებს შეესაბამება? ეს სხვა პრობლემას გააჩენდა – „საბჭოს ყველა წევრმა რომ გადაწყვიტოს ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც მის პირად ღირებულებებს შეესაბამება, საბჭო უფრო სუსტ და არაეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებს“ ამბობს სტენფორდის ბიზნესის სკოლის ორგანიზაციული ქცევის პროფესორი, სარა სოული.