ENG

სამოქალაქო მობილიზაცია თანამედროვე გამოწვევების ეპოქაში – ბრაზილიის მაგალითზე

Stanford Social Innovation Review არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ 2003 წელს შექმნილი გამოცემა (https://ssir.org/), რომელიც მოიცავს გლობალური სოციალური პრობლემების საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამოცემის მიზანია, წაახალისოს კვლევასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. გთავაზობთ *Stanford Social Innovation Review-ს 2021 წლის გაზაფხულის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის „Civic Mobilization Infruscture in the Era of Existential Threats“ ადაპტირებულ მოკლე თარგმანს. ორიგინალი ნაშრომის ავტორები არიან Alessandra Orofino, Manoela Miklos & Miguel Lago

2020 წლის მარტში კოვიდ-19-ის პანდემია მთელ ბრაზილიას მოედო. ვირუსი სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს მოასწავებდა, რაც განსაკუთრებით ღარიბ ფენას დაარტყამდა. ქვეყანა, რომელიც რასიზმის, ავტორიტარული პოლიტიკისა და კლიმატური ცვლილებების გამოწვევებს უპირისპირდებოდა დამატებით აღმოჩნდა უთანასწორობისა და სიღარიბის გაზრდის გაზრდილი საფრთხის წინაშე.

საჭირო იყო სწრაფი რეაგირება. ბრაზილიურმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს გადაუდებელი დახმარების ფონდების გამოყენება და შესაბამისი პროგრამების ამოქმედება მოსთხოვეს. ყველას გასაკვირად სექტორმა ძალზედ მცირე პერიოდში უპრეცედენტო მობილიზაცია მოახერხა და სახელმწიფო აიძულა ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენა მინიმალური შემოსავლის ოდენობის დახმარებით უზრუნველეყო.

პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ადმინისტრაციას გადაუდებელი დახმარების თანხების გამოყენების იდეა ჭკუაში დაუჯდა, რადგან ჩათვალა, რომ ამით ამომრჩევლების კეთილგანწყობას მოიპოვებდა. თუმცა მათ წარდგენილ მოდელს ბევრი ხარვეზი ჰქონდა: პროგრამა ძალიან ბიუროკრატიული იყო და სწრაფ დახმარებას ვერ უზრუნველყოფდა, სამიზნე სეგმენტი მოწყვლადი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავდა, ხოლო  დახმარების ოდენობა ძალზედ მწირი იყო. სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს ჰქონდათ მოსაზრებები პროგრამის გაუმჯობესების შესახებ. თუმცა ისინი არ გაერთიანებულან რაიმე ერთი კონტრშეთავაზების ირგვლივ, არამედ მობილიზდნენ ბოლსონაროს მიუღებელი მიდგომის საწინააღმდეგოდ. 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ დაიწყო საჯარო დისკუსიები აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად.

რამდენიმე კვირაში ამ ძლიერმა კოალიციამ ძალისხმევის რეკორდული მობილიზება მოახერხა და პრეზიდენტის ადინისტრაციაზე უფრო ამბიციური პროგრამა წარმოადგინა. ახალი წინადადება მოიცავდა თანხების უპირობო გადარიცხვებს, უფრო მაღალ თვიურ შემოსავალს, შედარებით ხანგრძლივ ვადებსა და ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ უფრო მკაფიო ინფორმაციას. ასევე, პროგრამა გაცილებით მეტ ადამიანს დაფარავდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოთხოვნამ კანონპროექტის სახე მიიღო და 2020 წლის აპრილში ბრაზილიის ეროვნულმა კონგრესმა დაამტკიცა კიდეც.

ივნისში, ბრაზილიის მთავრობამ საჭიროების მქონე 80 მილიონზე მეტი თანამოქალაქისთვის თვიური თანხების ჩარიცხვა დაიწყო. თავიდან პროგრამა 3 თვით დაანონსდა, თუმცა მოგვიანებით, იმავე კოალიციის ძალისხმევით ახალი რესუსების მოძიების შედეგად, წლის ბოლომდე გაგრძელდა.

ეს გასაოცარი გამარჯვება წამოწყებული იყო პატარა ჯგუფის მიერ, რომლის წევრები სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთის შემავსებელ როლს თამაშობდნენ.

ამ მაგალითის საფუძველზე გთავაზობთ სამოქალაქო მობილიზაციის საკითხს შევხედოთ, როგორც ქალაქდამგეგმარებლებმა, რომლებიც ურბანულ ინფრასტრუქტურასა და მიწის განაწილებაზე ფიქრობენ, რომ ააშენონ მიზნობრივი ფუნქციური ობიექტები (facilities), უზრუნველყონ შესაბამისი კომუნალური მომარაგება (utilities) და ინკლუზიური სივრცეები. (spaces).

ხშირად, სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული ფუნქციონირება ძლიერი სპეციალიზირებული ორგანიზაციების მუშაობის შედეგი გვგონია. მართალია, ეს ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცოდნის წარმოების, გამოცდილების გაზიარებისა თუ ნდობის ჩამოყალიბების საკითხში, რაც შესაძლებელს ხდის მობილიზაციასა და ადვოკატირების პროცესების წარმართვას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მხოლოდ ერთ რგოლს წარმოადგენენ. ასეთი ორგანიზაციები არიან სამოქალაქო ობიექტები (facilities) – ისინი იქმნებიან კონკრეტული დანიშნულებით. მათი ოპერირება უმეტესად კონკრეტულ თემებზეა დაფუძნებული და აქვთ სპეციფიური ნიშა (მაგალითად, Humans Rights Watch).

ამ სეგმენტის ორგანიზაციებმა ბრაზილიელებისთვის მინიმალური შემოსავლის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მათ შორის იყვნენ სოციო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი (INESC), რომელიც ორმოცი წელია სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვასა და მის საზოგადოებაზე გავლენას შეისწავლის, არასამთავრობო ორგანიზაცია Instituto Etos, რომელიც 1998 წლიდან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე მუშაობს და ადამიანთა უფლებების საკითხს ადვოკატირებს და ასევე, 2019 წელს დაარსებული Brazilian Basic Income Network (RBRB). თუმცა ორგანიზებული სამოქალაქო სპექტრი მხოლოდ მსგავსი „სამოქალაქო ობიექტებით“ არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ  სამოქალაქო საზოგადოებამ  იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ, უნდა შეიქმნას კოალიციები, განვითარდეს ქსელური მუშაობა. ამის უზრუნველსაყოფად კი ასევე საჭიროა ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მხარეების კოორდინირების პროცესის წარმართვას საკუთარ თავზე აიღებენ – ესენი არიან მომმარაგებლები (utilities).

მომმარაგებლები ობიექტებისგან სულ მცირე 3 ნიშნით განსხვავდებიან:

  1. ისინი სხვადასხვა მიზნებზე მომუშავე ორგანიზაციები არიან, მგრძნობიარედ რეაგირებენ ახალ ამბებზე, ორიენტირებული არიან პუბლიკის ყურადღების მოხვეჭაზე და ამ ყურადღებას მიმართავენ იმ სტრუქტურული პრობლემებისკენ, რაც კონკრეტულ მოვლენებს ასაზრდოვებს.
  2. მომმარაგებლები, როგორც წესი, საზოგადოების რეალურ მხარდაჭერას იყენებენ და პოლიტიკური კაპიტალის უფროდაუფრო მეტ ყურადღებას, უმეტესად, ძალიან სწრაფად იპყრობენ.
  3. ხშირად ეს ორგანიზაციები შედარებით ახალი დაარსებულია და ახალგაზრდებით დაკომპლექტებული. შედეგად, კარგად იყენებენ თანამედროვე სტრატეგიებს, ახდენენ რა ონლაინ და ოფლაინ ტაქტიკების კომბინირებას.

2020 წელს კოალიციის ადვოკატირება მინიმალური შემოსავლის დაწესებაზე დიდად იყო დამოკიდებული ამგვარი ორგანიზაციების მუაშობაზე და მათ მიერ სხადასხვა მხარეების გაერთიანებაზე საერთო მიზნისთვის. ამ პროცესში ორი ძირითადი ასეთ აქტორი იყო NOSSAS და შავკანიანთა კოალიცია უფლებებისთვის (Coalizao Negra por Direitos). სწორედ მათ მოახერხეს კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება, კამპანიების ჩაშვება, სახალხო მხარდაჭერის მობილიზება და ზეგავლენის მქონე ლიდერებთან კომუნიკაციის დამყარება. ამ ორი სამოქალაქო მომმარაგებლის მუშაობის ეფექტურობა გარკვეულწილად იმ ფაქტის დამსახურება იყო, რომ კოალიციის წევრი ორგანიზაციები გარკვეულ სივრცეში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მანამდეც ჰქონდათ ერთობლივი კოლაბორაციის გამოცდილება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ასევე სჭირდებათ სივრცეები (spaces)  – ფიზიკური თუ ონლაინ შეხვედრებისთვის, რათა დაამყარონ კომუნიკაცია, განიხილონ, იკამათონ და დაგეგმონ მოქმედების ეტაპები. ასეთ პირობებში მონაწილეები ერთიანი საზოგადოების წევრები ხდებიან, ერთმანეთისადმი ნდობას ამყარებენ და ამ ნდობის საფუძველზე, რესურსებისა და დროის ოპტიმიზაცია შესაძლებელი ხდება. ბრაზილიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ წარმატებას სწორედ ასე მიაღწია – მასში მონაწილე ჯგუფები მანამდე უკვე იცნობდნენ ერმანეთს და ამგვარ სამოქალაქო სივრცეებში ხვდებოდნენ (მაგ: pacto pela Democracia).

ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოება ამგვარ ორგანიზაციებს შორის სამუშაოს სწორ გადანაწილებას საჭიროებს. მეტიც, სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ორგანიზაციები უფრო ფუნქციური არიან, როდესაც ამ სამიდან ერთ-ერთზე ფოკუსირდებიან და წარმოადგენენ ობიექტებს, მომმარაგებლებს ან სივრცეებს.

დონორებმაც უნდა გაითვალისწინონ ამ ორგანიზაციების შეთანხმებული მუშაობის საჭიროება და ობიექტების დაფინანსებისას არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ისინი მომმარაგებლების ან სივრცეების ფუნქციას შეითავსებენ. ფუნქციონირებადი სამოქალაქო მობილიზაციის ინფრასტრუქტურა ერთი ორგანიზაციიდან ვერ აღმოცენდება. ეს საჭიროებს  სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას, რის ფარგლებშიც, თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკური როლი ექნება.

ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხეების ერაში შევდივართ. პლანეტის დათბობასთან ერთად, დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგება და უფლებებს საფრთხე ემუქრებათ. ამ პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან. დონორებმაც ამ ჭრილიდან უნდა შეხედონ სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ერთიანი სისტემის მუშაობას და დაფინანსების ცალკეული კრიტერიუმები ამ სამი ფუნქციიდან გამომდინარე შეიმუშაონ, რათა, საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს ქმედითი ინფრასტრუქტურა სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებისთვის, რომელიც მზად იქნება გააქტიურდეს მომდევნო კატასტროფის დადგომისთანავე.