კამპანია ვაკის პარკის გადასარჩენად

ვაკის პარკის საქმე – აქტივიზმის მაგალითის შესწავლა

ვაკის პარკის საქმე, თბილისში ურბანული აქტივიზმის ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევაა. თბილისელებისათვის საყვარელი ცენტრალური პარკის შუაგულში, მერიამ ინვესტორს სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მისცა, რამაც საზოგადოების მრავალი ჯგუფის აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. აქტივისტებმა დაჟინებით და სისტემურად იბრძოლეს ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ და ამ ბრძოლამ სამ წელზე მეტ ხანს გასტანა. აქტივისტებმა მოახერხეს სამართლებრივი და  აქტივისტური ხერხებით, მედია და ინტერნეტ პლატფორმების აქტიური გამოყენებით, არ დაეშვათ მშენებლობა.

ვაკის პარკმა გააერთიანა საზოგადოების მრავალი ჯგუფი და შეძლო ეჩვენებინა წინააღმდეგობის მასშტაბური და თითქმის უპრეცედენტო ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო ამ დრომდე არ აშენებულა, სამართლებრივი ბრძოლა ვაკის პარკისათვის კვლავ მიმდინარეობს, ხოლო მისი შედეგები ჯერ კიდევ არ არის საბოლოო.

ვაკის პარკის საქმეზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პროცესის მიმდინარეობა, არა ერთი გამოწვევითა და წარმატებით, უმნიშვნელოვანესი დაკვირვებისა და გადააზრების ობიექტი უნდა გახდეს მომავალი აქტივისტური ბრძოლებისათვის.

ბრძოლის დასაწყისი და აქტივისტთა გაერთიანება

2006 წლიდან აქტიურად დაწყებულმა ქალაქის ურბანული პოლიტიკის სრულმა დერეგულაციამ და დეველოპერული საქმიანობისათვის ქალაქის ხელისუფლების მხრიდან გახსნილმა სამოქმედო სივრცემ, მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთეები დააზიანა. ქალაქის მწვანე საფარი, ეკოლოგია, სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები, განუწყვეტლივ და მასშტაბურად ეწირებოდა ქაოტურად და დაუსაბუთებლად გაცემულ მშენებლობის ნებართვებს.

2013 წლის ზაფხულში, ქალაქის მწვანე საფარის მასიურად შემცირების საპასუხოდ, იქმნება სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისი“ (Tbilisi Guerilla Gardening). მასში ერთიანდება მოხალისე სამოქალაქო აქტივისტები, რომელთა მთავარი მიზანია, ქალაქში მწვანე ნარგავების პარტიზანული დარგვა/მოვლა და კულტივირება. მოძრაობა ქმნის ფეისბუქ გვერდს, რომელიც არნახული პოპულარობით სარგებლობს. მისი მომხმარებლების რაოდენობა 30 000-ს აღწევს.

2013 წლის ივლისის დასაწყისში- გარემოსდამცველი ინდივიდუალური აქტივისტები, მოძრაობა „მწვანე მუშტი“, „პარტიზანული მებაღეობა თბლისში“ და ადგილობრივი მოსახლეობა, აპროტესტებს კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. „ციყვების“ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონაში რესტორნის მშენებლობასა და მწვანე ნარგავების გაჩეხვას. „ციყვების“ პროტესტი, აქტივისტთა შეხვედრისა და გაცნობის პირველი სივრცე ხდება. „ციყვების“ ტერიტორია აქტივისტების მცდელობების მიუხედავად, გაჩეხეს და იქ ახლა რესტორანი დგას.

 „ციყვების“ პროტესტი – ვიდეო

ვაკის პარკის საქმე- პროტესტის შინაარსი

ვაკის პარკი, რომელიც 50-იან წლებში თბილისში გაშენდა, განსაკუთრებული მნიშვნელობის სარეკრეაციო ტერიტორიაა. მისით სარგებლობს თბილისის ყველა უბნის მოსახლეობა, შესაბამისად, ემოციური განწყობა და სენტიმენტები ამ ადგილის მიმართ, განუზომლად დიდია.

ვაკის პარკის შუაგულში, საბჭოთა პერიოდში არსებული ორ სართულიანი სასტუმრო „ბუდაპეშტი“, ამორტიზებული და დანგრეული იყო.  მიმდინარე განაშენიანების ბუმის ფონზე, ქ. თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული გამონაკლისის დაშვების უფლება და 2013 წლის 24 ივლისს ვაკის პარკში, ყოფილი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე დაუშვა ფართომასშტაბიანი, 27 მეტრიანი, 7 სართულიანი  ახალი სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობა. მშენებლობის პროექტი ასევე მოიცავდა პარკში არსებული ხე-მცენარეების ჭრისა და მათ ადგილას საავტომობილო პარკინგის მოწყობის გეგმასაც.  სპეციალისტთა აზრით, სასტუმრო, მთელი მისი ინფრასტრუქტურითა და სიმძიმით, ვაკის პარკის დამსვენებელთა და სტუმართა საჯარო სივრცეზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენდა. 2013 წლის 20 სექტემბერს მშენებლობის ნებართვამ საბოლოოდ დააკანონა ქალაქის ადმინისტრაციის ეს გეგმა.

2013 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, ქალაქის ადმინისტრაციამ დაიწყო ვაკის პარკის სრული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესი. ერთ-ერთი ინდივიდუალური აქტივისტი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე, აღაშფოთა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უხეშმა სტრუქტურამ და საეჭვოდ შემოღობილმა სამშენებლო ტერიტორიამ. მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციას ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა, რის შედეგადაც, ინფორმაციის ავტორს დაუკავშირდა ვაკის რაიონის გამგებელი და შესთავაზა რეაბილიტაციის პროექტის დეტალების გასაცნობად შეხვედრა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. შეხვედრაზე ფეისბუქზე შეთანხმებული 20-მდე დამოუკიდებელი აქტივისტი მივიდა. შეხვედრის შემდეგ, ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, აქტივისტებისთვის ცხადი ხდება, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ, ვაკის პარკში მშენებლობის დაშვების შესახებ გადაწყვეტილება, საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე მიიღო.

აღნიშნულმა ინფორმაციამ მძიმე პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. აქტივისტებმა დაიწყეს მობილიზება ბრძოლის სტრატეგიების დასაგეგმად.

სამოქმედო სტრატეგიები

მოძიებული ინფორმაცია აქტივისტებმა დაუყოვნებლივ გაავრცელეს სოციალური ქსელების მეშვეობით. აქვე დაიწყო მსჯელობა სტრატეგიების დასაწყობად.  გადაწყდა, რომ მშენებლობის ნებართვის გაუქმების პერსპექტივებსა და პროტესტის სხვა დეტალებზე სასაუბროდ, მნიშვნელოვანი იქნებოდა საკრებულოსა და მერიასთან შეხვედრა. მიუხედავად დაპირებისა, შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. აღნიშნულს, „პარტიზანული მებაღეობის“ ფეისბუქ გვერდზე აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გაშუქდა მედიაში. მედიაში პროტესტის გაშუქების გამო, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ შეხვედრას. 2013 წლის 16 დეკემბერს  შედგა შეხვედრა ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის. მიუხედავად საკრებულოს სხდომების საჯაროობისა, შეხვედრაზე გარემოსდამცველთა ლიმიტირებული ოდენობა იქნა დაშვებული. შეხვედრისათვის აქტივისტებმა მოამზადეს ვაკის პარკში მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ხელმოწერები და დაგეგმეს აქცია საკრებულოსთან.

შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, აქტივისტები იწყებენ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სისტემატურ პატრულირებას. შემთხვევებს აქტიურად აშუქებს მედია.

აქციის შემდეგ, ინვესტორი უკავშირდება აქტივისტებს და სთხოვს შეხვედრას პროექტის დეტალებზე მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება. 2013 წლის 22 დეკემბერს ფეისბუქით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „პარტიზანული მებაღეობა“ და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ მერიასთან. აქციაზე 100-მდე ადამიანი მივიდა, მიუხედავად სოციალურ ქსელში ღონისძიებაზე არსებული გაცილებით მასშტაბური მხარდაჭერისა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს დაგეგმილი მშენებლობა. მერიის მხრიდან აქციის მონაწილეებს გამწვანების სამსახურის წარმომადგენელი ხვდება, რომელიც არწმუნებს აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილების სამართლებრივ სისწორეში.

აქციაზე გადაწყდა მომავალი სტრატეგიული ნაბიჯების განხორციელება, შედგა პეტიცია, რომელმაც 8000-ზე მეტი ხელმოწერა მოიცვა.

ყალიბდება აქტივისტთა ძირითადი მოთხოვნები ქალაქის ადმინისტრაციის მიმართ:

  • გაუქმდეს სასტუმროს მშენებლობის ნებართვა;
  • არ იქნას დაშვებული ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა;
  • გასტუმრებულ იქნას ინვესტორი ადგილომონაცვლეობის გზით;
  • ამოივსოს ქვაბული და გამწვანდეს ტერიტორია.

2013 წლის 25 დეკემბერს აქტივისტები კვლავ ხვდებიან ქ. თბილისის საკრებულოს, ვაკის პარკის თემაზე სამსჯელოდ. შეხვედრამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა, რამაც აჩვენა მუდმივი, სისტემური და გაცილებით უფრო რადიკალური აქტივიზმის ფორმების საჭიროება.

სისტემური და ორგანიზებული წინააღმდეგობის დასაგეგმად, „პარტიზანული მებაღეობა თბილისი“-ს წარმომადგენლები,  სოციალურ ქსელში ქმნიან დახურულ ჯგუფს „ვირტუალური კარავი“. ჯგუფს თავიდან ემატება პარტიზანი მებაღეების დიდი ნაწილი და ინდივიდუალური აქტივისტები. მოგვიანებით, მრავალფეროვანი ხდება ჯგუფის წევრები და მათი სამოქმედო სტრატეგიები.

კარვები ვაკის პარკში

დახურულ ჯგუფში ორგანიზდება აქტივისტების წამყვანი ნაწილი, იქმნება გადაწყვეტილების მიღების სპეციალური წესი. თანხმდება, რომ ლოჯისტიკური, ტექნიკური და გაცილებით უფრო მარტივი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ საჭიროებენ თეორიულ მსჯელობასა და სიღრმისეულ განხილვებს, უნდა შეთანხმდეს სოციალური ქსელის სპეციალური მექანიზმის- ხმის მიცემის საშუალებით. აქტივისტი, რომელიც კონკრეტული ინიციატივით გამოვიდოდა, ინიციატივის მოკლე აღწერას დახურული ჯგუფის წევრებს წერილობით წარუდგენდა, რის შემდეგაც, იწყებოდა ხმის მიცემის პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა დააგროვებდა 7 მოწონებას, ის მიღებულად ითვლებოდა და ჯგუფის წევრები ინიციატივის განხორციელებას კომენტარებში საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იწყებდნენ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სიღრმისეულ განხილვასა და გადაწყვეტას საჭიროებდა, ვაკის პარკში აქტივისტთა შეხვედრის დროს განიხილებოდა. ამ განხილვებზე, გადაწყვეტილებას უმრავლესობის მხარდაჭერის გზით იღებდნენ. მნიშვნელოვანია შეხვედრებსა და მედიასთან წარმომადგენლობის ფუნქციები და წარმომადგენელთა ლეგიტიმაციის წყარო. მედიასთან და შეხვედრებზე წარსადგენი აქტივისტები შეირჩეოდნენ შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკის  პროტესტში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა ფართო წრე მონაწილეობდა, რაც იძლეოდა საშუალებას, წარმომადგენლებზე არჩევანი გაკეთებულიყო შეხვედრის შინაარსსა და თემატიკის შესაბამისი პროფესიის ადამიანების წარგზავნის გზით. საკრებულოსთან, მერიასთან, ინვესტორთან შეხვედრაზე გაგზავნილ წარმომადგენელთა ჯგუფში აუცილებლად მოიაზრებიოდა ერთი იურისტი, ან სამართლებრივი საკითხების მცოდნე პირი, ერთი ქალაქმგეგმარებელი, ან არქიტექტორი და ერთიც, აქტივისტთა ყველაზე დიდი მოძრაობის წარმომადგენელი პირი.[1]

„ვირტუალურ კარავში“ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 28 დეკემბერსპარტიზანული მებაღეობა“ და მათი მხარდამჭერები, ვაკის პარკში შლიან კარავს და აწყობენ აქციას. მოგვაინებით, კი 2014 წლის 10 იანვარს, ეწყობა შემდეგი აქცია, რომლის ფარგლებშიც, აქტივისტები ამატებენ კარვებს  და იწყებენ პარკში სადღეღამისო მორიგეობას. დაინერგა სპეციალური მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უფრო ფართო აქტივისტების წრეს ატყობინებდა განგაშის შესახებ. კარვები, საკვები, შეშა და პირველადი საჭიროებების შესახებ მოთხოვნა სოციალური ქსელის მეშვეობით ქვეყნდებოდა და აქტივისტების მეორე ნაწილი, მორიგეებს ადგილზე ამარაგებდა პროდუქტებით.  აქტივისტებმა ბარიკადებით ჩახერგეს სამშენებლო ობიექტამდე მძიმე ტექნიკის მისასვლელი გზა. დაიგეგმა პერმანენტული აქციები, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

  • მორიგეობა ვაკის პარკში – ვიდეო
  • პარტიზანული ღამეები – ვიდეო

პერმანენტული აქციები ვაკის პარკში

ვაკის პარკში დაწყებულმა აქციებმა პერმანენტული ხასიათი შეიძინა. აქტივისტებმა მოახერხეს, თითქმის სამი წლის განმავლობაში, აქციათა უწყვეტი ციკლის შენარჩუნება.

აქტივობების ფორმატები და ინტენსივობა. 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით, 50-ზე მეტი სხვადასხვა აქცია ჩატარდა ვაკის პარკში, მერიასთან, საკრებულოს წინ. აქციის ფორმატები მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო. აქტივისტებმა მოახერხეს მხარდამჭერთა შესაძლებლობების მობილიზება სხვადასხვა მიმართულებით. განხორციელდა გასართობი და ანიმატორული კომპანიების მობილიზება, ბავშვთა გასართობი ღონისძიებების დასაგეგმად; სამხატვრო სტუდიების მობილიზება, სამხატვრო ღია გაკვეთილების ჩასატარებლად. აქტიურად მობილიზდნენ მუსიკოსები. არა ერთი აქცია მოიცავდა პოპულარულ მუსიკალური შემსრულებლების კონცერტებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ზამთრის პერიოდში. აქციის ფარგლებში დაიხატა არა ერთი პლაკატი, სტენსილი, სთრით და თრეშ არტი, მოეწყო უფასო ბაზრობები, ნივთების გაცვლა/გაჩუქება, სისტემატურად იმართებოდა კინოჩვენებები. სხვადასხვა ფონდების დახმარებით, შესაძლებელი ხდებოდა საკანცელარიო მასალის, ნერგების, იარაღების, სანათებისა და სხვა პროდუქციის შეძენა. სპორტსმენებისა და მთამსვლელების ჯგუფების მეშვეობით ეწყობოდა მრავალფეროვანი ექსტრემალური სპორტული ღონისძიებები, მხატვრები, ფოტოგრაფები, არტისტები აწყობდნენ გამოფენებს. აქტივისტთა განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ პარკის დანიშნულებას და მისით სარგებლობას მრავალი დივერსიფიცებული დატვირთვა გააჩნია და სასტუმროს ადგილი პარკში არ არის. სწორედ აღნიშნულის საჩვენებლად მოეწყო იმიტირებული აქცია- პერფორმანსი „პიკნიკი მერიაში“.

გამოყენებული მედია და ინტერნეტ პლატფორმები: სამი წლის განმავლობაში მიმდინარე აქციებს მუდმივი მედია ყურადღება ახლდა თან. ვაკის პარკის მორიგეობა და ცალკეული აქციები შუქდებოდა მეინსტრიმ ტელევიზიებში, კეთდებოდა სიუჟეტები მოძრაობის და მისი წევრების შესახებ. ვაკის პარკს სტუდია „მონიტორმა“ საგამოძიებო ჟურნალისტური რეპორტაჟი მიუძღვნა[2]. მრავალი აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალა და სტატია მიუძღვნეს ვაკის პარკის შემთხვევას მეგობარმა მედიებმა („ლიბერალი“, „ნეტ გაზეთი“, „რადიო თავისუფლება“). აქტივისტებმა შექმნეს უფასო ბლოგი, სადაც, სისტემატურად ახლდებოდა ინფორმაცია „ვაკის პარკის“ პროტესტის, მოთხოვნების და საქმის სიახლეების შესახებ.[3] ნებისმიერი საგანგაშო შემთხვევა, აქტივისტების მიერ ჟღერდებოდა სპეციალურად მოწყობილ პრეს კონფერენციებზე.

აქტივისტები აქტიურად იყენებდნენ საგანგაშო სასიგნალო შეტყობინებებს. აქციების, საჭიროებების, მორიგეობის, გეგმებისა და შეთანხმებებისათვის გამოიყენებოდა სოციალური ქსელები და დახურული ჯგუფი „ვირტუალური კარავი“, სადაც აქტივისტები გაერთიანდნენ და კენჭს უყრიდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. იკრეფდნენ მხარდამჭერებს. მოლაპარაკებებს ახორციელებდნენ პარტნიორებთან აქციისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისის მოწოდებაზე.

გარდა ამისა, სოციალური ქსელით, აქტივისტებმა დაიწყეს მხარდამჭერთა ვიდეოების გავრცელება. საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, გმობდნენ მშენებლობას ვაკის პარკში და მხარს უჭერდნენ მოძრაობას.

ვაკის პარკში კარვები ოქტომბრის თვეში აიღეს, თუმცა პერმანენტული აქციები კარვების დაშლის შემდეგაც გაგრძელდა.

ვიდეოები:

  • გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)  – ვიდეო
  • რატი ამაღლობელი – ვიდეო 
  • ირაკლი ჟვანია – ვიდეო
  • „დაიცავი ვაკის პარკი“ შთამაგონებელი ვიდეო რგოლები – ვიდეო
  • პიკნიკი მერიაში – ვიდეო
  • „გადავარჩინოთ ვაკის პარკი“- ვიდეო 
  • „ვაკის პარკისათვის“ – ვიდეო
  • ვაკის პარკის დასაცავად – ვიდეო
  • ერთწლიანი დაუმორჩილებლობა ვაკის პარკში – სტატია
  • კვლავ ვაკის პარკი – ვიდეო

სამართლებრივი ბრძოლა

კარვებში მობილიზებული აქტივისტები იაზრებდნენ არა მხოლოდ აქტივისტური, არამედ სამართლებრივი ბრძოლის მნიშვნელობასაც. სწორედ ამიტომ, დაიგეგმა ბრძოლის სამართლებრივი სტრატეგია. 2013 წლის 31 დეკემბერს აქტივისტებმა ქ. თბილისის მერიაში წარადგინეს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც გაიმართა 2014 წლის 6 იანვარს. ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ქ. თბილისის მერიამ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა ჯგუფის მოთხოვნა, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვის ბათილობასთან დაკავშირებით. 2014 წლის ჯერ თებერვალში, შემდეგ მარტში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოქალაქეთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სამი დამოუკიდებელი სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს მშენებლობის ნებართვების ბათილობა. აქტივისტები თვლიდნენ, რომ სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანა, აამაღლებდა სასამართლოს მგრძნობელობას საქმის მიმართ, ასევე კიდევ უფრო გაააქტიურებდა მედიის ყურადღებას. [1]

სასამართლომ პროცედურული მოტივებით საქმის განხილვა საკმაოდ გვიან, 2014 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო. ამ პერიოდებში, სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აქტივისტებს არ შეუჩერებიათ ღონისძიებები. აქტიურად გრძელდებოდა პერმანენტული აქციები, შეხვედრები ინვესტორებთან, მერიასთან და საკრებულოსთან.

2016 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა განცხადება და ბათილად ცნო გაცემული მშენებლობის ნებართვა. გადაწყვეტილება ინვესტორმა გაასაჩივრა.  (მერიამ უარი თქვა გასაჩივრებაზე). 2018 წლის 15 მაისს სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ინვესტორის სარჩელის განხილვა და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა მშენებლობის ნებართვა, თუმცა, მშენებლობის ნებართვა აღსრულებადი აღარ არის, ვინაიდან მას ვადა 2016 წელს გაუვიდა. სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება, იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვის ვადა უკვე გასულია, აქტივისტების მიერ აღქმული იქნა, როგორც მოსამართლის მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, პირდაპირ კონფრონტაციაში არ შესულიყო ინვესტორთან, მეორე მხრივ, მისი გადაწყვეტილება აქტივისტების წინაშე „გაემართლებინა“ ნებართვის აღსრულების შეუძლებლობით[2]. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  პოტენციურად კვლავ შესაძლებელი გახდა ვაკის პარკში მშენებლობის განხორციელება, ვინაიდან, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უზენაესი სასამართლოც დაუჭერს, ან განუხილველად დატოვებს მოსარჩელეების საკასაციო საჩივარს, ინვესტორს ეძლევა შანსი, მიიღოს ახალი მშენებლობის ნებართვა, ან იდავოს ვადაგასული მშენებლობის ნებართვის ვადის აღსადგენად.

შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს აღნიშნულმა  გადაწყვეტილებამ გახსნა სივრცე ვაკის პარკის საქმის დაუსრულებელ საპროტესტო, ან ბიუროკრატიულ დავაში ჩასაკარგად და საზოგადოებაში წლების განმავლობაში არსებული მოთხოვნის უგულებელყოფით, კვლავ განუსაზღვრელი ვადით გადადო აღნიშნული საქმის საბოლოო დასრულება.

პოლიტიკური მოვლენები და მათი გავლენა აქტივიზმის მიმდინარეობაზე

ვაკის პარკის აქტივიზმის მიმდინარეობაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა. ვაკის პარკის მშენებლობის ნებართვა, როგორც მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის მკაფიო გამოვლინება, გაცემული იქნა ქ. თბილისის მერიაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „პარტიზანული მებაღეობა თბილისის“ წევრის, ნატა ფერაძის პერსონალური კავშირები ამ პარტიასთან, არა ერთხელ გახდა ოპონენტთა და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკისა და დაპირისპირების ობიექტი. საქმე იმაშია, რომ აქტივისტთა რიტორიკაში ხშირად ჭარბობდა მოთხოვნა ქალაქის საკრებულოს მიმართ, იმ პერიოდში, კი ქალაქის საკრებულო დაკომპლექტებული იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მერთან კონსენსუსის შეუძლებლობასა და მის პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებდნენ და მუდმივად ამისამართებდნენ აქტივისტებს მერიასთან. მიუხედავად ამისა, აქტივისტების მიმართვის ცენტრალურ ობიექტად, მერიასთან ერთად მკაცრად რჩებოდა საკრებულოც. 2013 წლის 22 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა ქ. თბილისის მაშინდელი მერი, გიორგი უგულავა, ხოლო მის ნაცვლად, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებამდე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი- სევდია უგრეხელიძე. მერის მოვალეობის შემსრულებელმა უარი განაცხადა რაიმე კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე აქტივისტებთან. მისი მთავარი არგუმენტი გახლდათ ის, რომ სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, მოახლოებული ოლიმპიური თამაშების გამო, მერია მუდმივად აპელირებდა თბილისში სასტუმრო ოთახების საჭიროებასა და აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის აუცილებლობაზე.

 არჩევნების შემდგომ, 2014 წლის 2 აგვისტოდან, ქ. თბილისის მერი ხდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ნარმანია.  ნარმანია, აკრიტიკებს მისი წინამორბედის გადაწყვეტილებას და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც და არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, დებს პირობას, რომ გადაარჩენს ვაკის პარკს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მერად არჩევის გამო, არგუმენტი ერთმევა ქალაქის საკრებულოსაც. ის ვეღარ დაეყრდნობა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მერთან წინააღმდეგობებს. აქტივისტებში გაჩნდა იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება ვაკის პარკის განაშენიანების შესახებ, ისევე როგორც ქალაქის ურბანული პოლიტიკა გადაიხედებოდა. სამწუხაროდ, მერიის ახალმა ადმინისტრაციამ, ვერ მოახერხა აქტივისტების იმედების გამართლება. მათი წინააღმდეგობა ინვესტორთან სუსტი და არამდგრადი გამოდგა. 2015 წლის 28 იანვარს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დროებით, გარკვეული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზეზით შეჩერდა. მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს  ინვესტორთან ადგილმონაცვლეობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე, რის სანაცვლოდაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან გამართული რამდენიმე შეხვედრის ფარგლებში, აქტივისტებს ურჩიეს, აქციების შეჩერება და უხმაურო ფორმატში გადატანა.

აქტივისტური ბრძოლის წარმატების მიზეზები

აქტივისტებთან ინტერვიუების მეშვეობით ირკვევა, რომ ვაკის პარკის საქმის წარმატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.

აქციების სისტემატურობა და დაჟინებული ხასიათი. სწორედ აქტივისტთა თავდაუზოგავმა და დაუღალავმა მცდელობებმა პოლიტიკის დღის წესრიგში ხანგრძლივად შეინარჩუნა ვაკის პარკის საქმე. ამ ნაწილში, უნდა გამოვყოთ მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის, ნატა ფერაძის შეუპოვრობა და თავდაუზოგავი ბრძოლა. ნატა ფერაძე, ვაკის პარკის აქტივიზმში მუდმივად წამყვან პოზიციას იკავებდა. მედია სისტემატურად აშუქებდა ვაკის პარკის სხვადასხვა განზომილებას, აქტივისტურს, პოლიტიკურს, ეკოლოგიურს. საკითხი განიხილებოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მედია პლატფორმებზე. საკითხის გადაუწყვეტელობის პარალელურად, აქტივისტთა შეუჩერებელმა ღონისძიებებმა საბოლოოდ მოახერხა, რომ ვაკის პარკის საკითხი  პოლიტიკურ დღის წესრიგში განისაზღვა, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო მოთხოვნა.

აქტივისტთა მრავალფეროვანი ჯგუფები.  ვაკის პარკის საქმე იმითაცაა გამორჩეული, რომ აქციებში არა ერთი განსხვავებულ მსოფლმხედველობრივ და იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფი ჯგუფი მოღვაწეობდა. „პარტიზანული მებაღეობა“ მკაფიოდ აპოლიტიკურ ჯგუფად იდენტიფიცირებდა თავს, მაშინ როდესაც „მწვანე მუშტი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და რამდენიმე ინდივიდუალური აქტივისტი მემარცხენე პოლიტიკურ პლატფორმაზე ხედავდნენ თავს. სწორედ აღნიშნული ინდივიდუალური აქტივისტებისგან ჩამოყალიბდა მოგვიანებით მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეები“, რომლებიც დღემდე მემარცხენე იდეოლოგიური პლატფორმით რეფლექსირებენ ეკოლოგიისა და გენდერის საკითხებზე. აქციებში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „უსაფრთხო სივრცე“, „მწვანე ალტერნატივა“ იმ ორგანიზაციათა მცირე ჩამონათვალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ვაკის პარკის მოძრაობას. მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ რომ სხვა აქტივისტების გვერდით ვაკის პარკში მშენებლობას აპროტესტებდა რამდენიმე ნაციონალისტური  და კონსერვატიული ჯგუფი.[3]  გარდა ამისა, ვაკის პარკის საქმეს აპროტესტებდა არა ერთი პროფესიული ჯგუფი და გაერთიანება, ასევე, სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების, ასაკისა და მენტალიტეტის მქონე თბილისის მოქალაქეები. აქტივისტთა ნაწილის ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ეკლექტიკის პირობებში, ჯგუფები მაინც ახერხებდნენ თანაარსებობას, რამდენადაც ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი სხვაობები ჯგუფებს შორის[4]. აქტივისტები ჯერ კიდევ ცუდად იცნობდნენ ერთმანეთის საქმიანობას, რამაც გარკვეულწილად, ხელი შეუწყო მათი საქმიანობის ერთიანობას.

ვაკის პარკის საყოველთაო მნიშვნელობა- აქტივისტებთან ინტერვიუ ასევე ავლენს, იმ ფაქტს, რომ ვაკის პარკის საქმის წარმატება განაპირობა ამ პარკის ემოციურმა მნიშვნელობამ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მაცხოვრებლებისათვის[5]. პარკი, რომელთანაც დაკავშირებულია ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობის ბავშვობა, ახალგაზრდობა, პარკი სადაც გადაღებულია არა ერთი კინოფილმი, პერსონალურად შეეხო ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობას. ამგვარმა პერსონალურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის, დაუღალავი და სისტემატური ბრძოლა პარკის განაშენიანების წინააღმდეგ.

კომბინირებული მიდგომები- ვაკის პარკის შემთხვევის წარმატება განაპირობა მიდგომებისა და სტრატეგიების კომბინაციებმა. აქტივისტები არ დასჯერდნენ მხოლოდ აქციებსა და ღონისძებებს, არამედ ბოლომდე, სამართლებრივად იბრძოლეს საქმის დასასრულებლად. სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, აქტივისტებს არ შეუჩერებიათ შეხვედრები მერიასთან, ინვესტროთან. ყოველი შეხვედრის ბოლოს, ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია შეხვედრის შედეგებსა და პროცესზე. ყოველი არასასურველი შეხვედრა კი ახალი პროტესტის ობიექტი ხდებოდა. აქტივისტებმა სწორად განსაზღვრეს ქალაქის ახალი ადმინისტრაციის პასიურობა საქმის მიმართ და დაპირებების არამყარი ხასიათი და ფაქტობრივად სახელმწიფო გადაწყვეტილების წინაშე მარტო მყოფებმა, გამოიყენეს ყველა შესაძლო ბერკეტი და მრავალფეროვანი სტრატეგია საქმის ბოლომდე დასასრულებლად.

ბოლოსიტყვაობა

ვაკის პარკის აქციების დასრულების შემდეგ, აქტივისტებს შორის ვეღარ შედგა ერთიანობა. ერთმანეთის საქმიანობის უკეთ გაცნობამ, გამოავლინა აქტივისტურ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებები. მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა აქტივისტური ბრძოლის მეთოდებში. თუ აქტივისტების ერთი ჯგუფი, ლოკალური შემთხვევების პროტესტსა და აქტივიზმის უფრო ნაკლებ რადიკალურ, შემოქმედებით ფორმებს ემხრობოდა, მეორე ჯგუფმა დააყენა ბრძოლის მეტად პოლიტიზებული და რადიკალური ხერების გამოყენების, პოლიტიკურ და სისტემურ ხარვეზებთან ბრძოლის აუცილებლობა[6], პროტესტის ისეთ ფორმებზე კონცენტრირება, რომელიც არ იქნებოდა ორიენტირებული გართობასა და მხიარულებაზე, ვინაიდან ამ ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული ფორმები, მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობისთვის იყო გასაგები და მისაღები. ეს ჯგუფი ეკოლოგიური, ურბანული და პოლიტიკურ ცვლილებებისათვის ბრძოლის საჭიროებას,  თბილისის გარეთ, რეგიონებშიც ხედავდა და სისტემურ ცვლილებებზე სიღრმისეული რეფლექსიის განხორციელებას მოითხოვდა. თავად ერთიან ჯგუფებშიც გამოიკვეთა შეუთანხმებლობა ბრძოლის გაგრძელების ფორმატსა და შინაარსზე. ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილი მოძრაობის ფორმალიზებასა და დონორი ფონდებიდან ორგანიზებული გრანტების მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა, განსხვავებით მეორე ჯგუფისგან, რომელიც აქტივიზმის უფრო სპონტანური მოძრაობის  ფორმით შენარჩუნებას, არაპოლიტიზირებულ ბრძოლას მიიჩნევდა საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ერთადერთ გზად.[7]

ჯგუფებს შორის წარმოშობილმა ამ განსხვავებებმა, მომავალში ხელი შეუშალა საერთო პლატფორმაზე ჯგუფების ერთიან ბრძოლას.

ურბანულ აქტივისტთა ერთიანობის საბოლოო შემთხვევა, თბილისის ისტორიულ ნაწილში უზარმაზარი მშენებლობის, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ დაგეგმილი საერთო დიდი აქციით შემოიფარგლა, რის შემდეგაც, დაიშალა აქტივისტთა ერთიანი პლატფორმა- „ერთად“.

აქტივისტებმა ვეღარ შეძლეს ვაკის პარკის მსგავსი წარმატების მიღწევა.

 

 

[1] ინტერვიუ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელ, ნინო გუჯარაიძესთან. 19 მაისი, 2018 წელი.

[2] აქტივისტი ირაკლი ჯუღელის გაცხადებით, მოსამართლემ, პროცესზე გადაწყვეტილების მნიშვნელობის სიმცირეზე გააკეთა კომენტარი, სწორედ ნებართვის ვადაგასულობის მოტივით.

[3] ინტერვიუ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელ, ნატა ფერაძესთან. 18 მაისი, 2018 წელი.

[4] [4] ინტერვიუ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელ, ნატა ფერაძესთან. 18 მაისი, 2018 წელი.

[5] ინტერვიუ მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელ, ლევან ლორთქიფანიძესთან. 22 მაისი, 2018 წელი.

[6] ინტერვიუ მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელ, ლევან ლორთქიფანიძესთან. 22 მაისი, 2018 წელი.

[7]  ინტერვიუ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელ, ნატა ფერაძესთან. 18 მაისი, 2018 წელი.