კამპანია – ეს შენ გეხება

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

მიმოხილვა

 კამპანია ეს შე გეხება” 2012 წლის თებერვალში ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს. კამპანიის ეფექტურად განხორციელების მიზნით შეიქმნა გაერთიანება, რომელშიც დასაწყის ეტაპზე  გაწევრიანდნენ: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და კოალიცია „არჩევნი თავისუფლებისთვის“.

კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები და მოქალაქეები არ გამოხატავდნენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

კამპანიის დაწყება  2011 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მიღებულმა კანონმდებლობამ, კერძოდ, პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა. აღნიშნული ცვლილებები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვნად აუარესებდა წინასაარჩევნო გარემოს; კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯებესების თაობაზე; ხელს უშლიდა თავისუფალი აზრის გამოხატვას და შიშს ნერგავდა მოქალაქეებში, ღიად დაეჭირათ მხარი ამა თუ იმ პარტიისთვის; ზღუდავდა მოქალაქეების საკუთრების უფლებას და უსამართლო და მძიმე პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ, ახშობდა სამოქალაქო აქტივობას.

საკანონმდებლო ცვლილებები იურისტებისთვისაც კი ძალიან ბუნდოვანი იყო, იძლეოდა უსაზღვროდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და არ უზრუნველყობდა თანაბარ პირობებს პოლიტიკური სუბიექტებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად „გამკაცრებული“ სანქციებით საფრთხე ექმნებოდა რიგით ამომრჩევლებს, მედიას,  სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ კანონით დადგენილი ახალი წესები და შეზღუდვები ნებისმიერ ამომრჩეველს ან იურიდიულ პირს შეეხებოდა.

აღნიშნულ ცვლიბებებში ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი პირის ცნების შემოღება იყო. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ცნება არ განმარტავდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მიჩნეული პარტიასთან დაკავშირებულ პირად და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, რის შედეგად ასეთ პირად მიჩნეულ ობიექტზე  შეიძლებოდა გავრცელებულიყო მრავალი სახის შეზღუდვა.

მაგალითად, რიგით მოქალაქეს კანონით დაწესებული შეზღუდვები შეიძლებოდა შეხებოდა:

  • თუ იგი გამოთქვამდა მოსაზრებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, გააკეთებდა განცხადებას პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
  • თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვდა ან მისგან მიიღებდა დახმარებას (მაგალითად, სასწრაფო ოპერაციისთვის ან სხვა გადაუდებელი საქმისთვის). ამ შემთხვევაში მას შესაძლოა, სასჯელის სახით, დაკისრებოდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
  • თუ რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელი  ხმამაღლა გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას,  ორგანიზაციას შეიძლებოდა შეზღუდვოდა შემოსავლის წყარო;
  • თუ მოქალაქეს პოლიტიკურად აქტიურ ან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევდნენ, მას შესაძლოა ვეღარ მიეღო სესხი ბანკიდან;
  • თუ კონტროლის პალატა მოქალაქეს პოლიტიკურად აქტიურ პირად ჩათვლიდა, მას უფლება ეძლეოდა გადაემოწმებინა პირადად მისი და მისი ახლობლების შემოსავლები და ყადაღა დაედო ქონებისთვის.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ პირველი ფაზა მიზნად ისახავდა, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეცვლას და, შესაბამისად, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს  ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო “კამპანიის  მეორე ფაზა“, რომელიც  თავდაპირველად  პლურალისტური მედიის გავრცელებას და კანონმდებლობაში იმ დებულებების  გათვალისწინებას ისახავდა მიზნად, რომლებიც  ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანაც, რომელიც არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურას დახვეწდა და ხელს შეუწყობდა არჩევნების პროცესის მეტ-ნაკლებად ჯანსაღ გარემოში წარმართვას.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად ჩამოყალიბებული იყო შემდეგი ოთხი მოთხოვნა:

  • ყველა ქართული ტელეარხის ჩვენება საკაბელო ოპერატორების საშუალებით;
  • წინასაარჩევნო ტელედებატების ჩატარება;
  • არჩევნები ზეწოლისა და მოსყიდვის გარეშე;
  • ხმების სწორად დათვლა არჩევნების დღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ბევრი ორგანიზაციის მონაწილეობით  წარმართული კამპანია,  სადაც ერთმანეთში კოორდინაციის და საბოლოო შეთანხმების  პირობები შეთანხმებული უნდა იყოს,  საკმაოდ რთული სამართავია. ამ ვითარებაში „ფორნდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ პრინციპი ერთადერთი იყო: ბოლომდე გაეთვალისწინებინა კამპანიის მონაწილე ყველა მხარის პოზიცია და ყველა ორგანიზაციის მონაწილეობის შედეგად მიეღწიათ შეთანხმებისთვის კამპანიის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების, გაკეთებული მოთხოვნების, თუ პეტიციებისა და განცხადებების ტექსტის თაობაზე.

კამპანიის გეგმა

კამპანიას „ეს შენ გეხება“ რამდენიმე სახის წინასწარ განსაზღვრული და კარგად გააზრებული მიზანი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ კამპანიის განმავლობაში რამოდენიმე მოთხოვნა იყო დაყენებული:

  • „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი პირის“ ცნების გაუქმება;
  • ჯარიმების შემცირება;
  • ყველა ტელეარხის საკაბელო ქსელში ჩართვა;
  • არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება;
  • საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია თანაბრობის უზრუნველყოფა;
  • საარჩევნო სუბიექტებისთვის გარე რეკლამის თანაბარი ხელმისაწვდომობა;
  • ადმინისტრაციული და სახელმწიფო ორგანოების სარეკლამო ხარჯების საჯაროობა და ა.შ.;

კამპანიის ორგანიზატორებს კარგად ესმოდათ, რომ ყველა აღნიშნულ მოთხოვნას ვერ მიაღწევდნენ კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო რამდენიმე, პრიორიტეტული მიზნების მიღწევისკენ, ესენია: „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი პირის“ ცნების გაუქმება, ჯარიმების 10-მაგიდან 5-მაგამდე  დაყვანა, ყველა ტელეარხის საკაბელო ქსელში ჩართვა და დებატების ჩატარება.

ამ მოთხოვნების მიღწევა საკმაოდ რთული იქნებოდა საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე.

აქედან გამომდინარე, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ორგანიზატორებმა თავიანთი ძალისხმევა შემდეგ მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართეს:

  • საქართველოს მოქალაქეები
    რათა ყველა მოქალაქეს გაეგო, თუ როგორ შეეხებოდა მას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და გაერთიანებულიყო თავისი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად
  • ექსპერტები და აზრთა ლიდერები
    რათა თავიანთი აზრი გამოეხატათ საჯაროდ და თანადგომა გაეწიათ ორგანიზატორებისთვის კამპანიის განხორციელების პროცესში
  • მედის წარმომადგენლები
    რათა ბოლომდე გარკვეულიყვნენ პრობლემის არსში, აქტიურად ჩართულიყვნენ კამპანიაში და მიეტანათ კამპანიის ძირითადი მესიჯები ყოველი მოქალაქის ყურამდე
  • არასამთავრობო სექტორი
    რათა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კამპანიის განხორციელების პროცესში
  • საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი
    კამპანიის ორგანიზატორებს კარგად ესმოდათ ინიცირებული სკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა და მათ შეცვლასთან დაკავშირებული რისკები. აქედან გამომდინარე დასაწყისშივე განისაზღვრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობა
  • საქართველის საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება
    რათა შეესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და შეეცვალათ საკანონმდებლო ცვლილებები და საარჩევნო გარემო.

ადვოკატირების თემის სირთულის გამო საკმაოდ დიდი ძალისხმევა იყო მიმართული კამპანიის მესიჯების შემუშავებაზე, რომლებიც განსხვავებული სახით და სირთულით მუშავდებოდა ყოველი მიზნობრივი ჯგუფისთვის. კამპანიის ორგანიზატორებს კარგად ესმოდათ, რომ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყებამდე აქტიური სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო მედიასთან მათი მხრიდან მხარდაჭერისა და თემის გაშლის უზრუნველსაყოფად.

კამპანიის სტრატეგია ითვალისწინებდა მოსახლეობის, აზრთა ლიდერების, საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის აქტიურ ჩართვას პროცესებში.

განხორციელებული აქტივობები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კამპანიის დასაწყისშივე ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ კოალიცია არჩევნებისა და მედიის განვითარების სექტორში მომუშავე თავისუფალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შემუშავდა კამპანიის სლოგანი – ეს შენ გეხება. სლოგანის შემუშავების დროს დაშვებული იყო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურების ალბათობა, რაც შემდგომში გამოიხატებოდა სიტყვაში   შენ ბგერა -ს ამოვარდნით. ასეთ შემთხვევაში სლოგანი შემდეგნაირ სახეს მიიღებდა: ეს შეგეხება.

ადვოკატირების კამპანია დაიწყო პეტიციის  საჯარო დეკლარირებით და მოწოდებით შეერთებოდნენ მოძრაობას ის მოქალაქეები თუ ორგანიზაციული ერთეულები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და საკუთარი უფლებების დაცვა.

კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ ამოქმედდა კომუნიკაციის თითქმის ყველა საშუალება:

  • სემინარები და სამუშაო შეხვედრები მედიასთან, რომლის დროს მედიის წარმომადგენლებს პოპულარულ ენაზე უხსნიდნენ, თუ რა შესაძლო საშიშროებას ატარებდა საკანონმდებლო ცვლილებები და რაში მდგომარეობდა მათი არსი
  • უწყვეტი შეხვედრები მოსახლეობასთან და სტუდენტებთან, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, სადაც მოსახლეობას უხსნიდნენ თუ როგორ ემუქრებოდა ყოველ მოქალაქეს საკანონდმებლო ცვლილებები და რატომ უნდა შეერთებოდნენ მოძრაობას
  • სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რადგან დეტალურად აეხნათ საკანონმდებლო ცვლილებების არსი და გაეცნოთ კამპანიის განვითარების გეგმა მათგან შემდგომი მხარდაჭერის მიღებისა და მათი მხრიდან მოძრაობის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების მიზნით.
  • აქტიური მუშაობა ექპერტებთან და აზრთა ლიდერებთან, რათა ისინი აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში და თავისი მხრიდან წამოეწიათ ეს თემა როგორც მედია, ისე საჯარო გამოსვლების დროს
  • საკანონმდებლო მუხლების პროექტების შემუშავება
  • სხვადასხვა აქციების და პრესკონფერენციების ორგანიზება, განცხადებების გაკეთება, რაც უზრუნველყოფდა გაშუქებადი საინფორმაციო საბაბების შექმნას და ადვოკატირების პროცესის გააქტიურებას
  • მაქსიმალურად იყო ამოქმედებული ყველა სახის მედია საშუალბა
  • საინფორმაციო ლიფლეტების, პოსტერების, მაიკებისა და ბანერების დაბეჭდვა და გავრცელება. სარეკლამო მასალა ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვრცელდებოდა და საკმაოდ იოლად გასაგები და აგრესიული მესიჯებით გამოირჩეოდა. ტექსტის შემუშავება თავის თავზე პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა აიღო და, შესაბამისად, ტექსტი იოლად გასაგები და ადვილად დასამახსოვრებელი იყო. მაგ: “შეუძლია ახალ კანონს ყველა ჩიხში შეგვიყვანოს“; „ეჭვით შევცქერი ახალ კანონებს, რაც საარჩევნო ოინს მაგონებს“ და სხვა.
  • სარეკლამო რგოლების შემუშავება და გაშვება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. კამპანიის ფარგლებში შემუშავებულ სარეკლამო რგოლებში, ისევე როგორ ბეჭდურ სარეკლამო მასალაში საკმაოდ გასაგებად და სტრუქტურირებულად იყო ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ სარეკლამო რგოლები გადიოდა მხოლოდ მაესტროსა და მეცხრე არხის ეთერში და რადიოთი, რაც გარკვეულწილად ზღუდავდა მათი ზემოქმედების ხარისხს.
  • კამპანიის ვებ გვერდის შემუშავება და პოპულარიზაცია. ვებ გვერდი მოიცავს კამპანიასთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას და განკუთვნილია ყველა მიზნობრივი ჯგუფისათვის. ყოველი ახალი განცხადება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ვებ გვერდზე და ქმნის საელჩოებისა და აზრთა ლიდერების მხრიდან გარკვეული რეაგირების გაკეთების საშუალებას და თავისთავად, სპეციალური პრესკონფერენციის ორგანიზების გარეშეც,  ხვდება საინფორმაციო სივრცეში. ვებ გვერდზე არის სპეციალური კითხვა-პასუხის ბლოგი, სადაც დაწვრილებით განიხილება თუ როგორ შეიძლებოდა ასახულიყო საკანონმდებლო ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში.
  • კამპანიის „ეს შენ გეხება“ Facebook-ის გვერდი, რომელსაც 12000-ზე მეტი მოწონება აქვს.    ისევე, როგორც კამპანიის ვებ გვერდზე მუდმივად იტვირთება ახალი ინფორმაცია.
  • კამპანიის ფარგლებში, ზაზა ხუციშვილის მიერ შეიქმნა სიმღერა
  • გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც აღწერს კამპანიის მიმდინარეობას.
  • და რაც მთავარია, სათანადო საინფორმაციო საფუძვლის შექმნისა და მხარდაჭერის მიღების შედეგად განუწყვეტლივ მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლპარაკებები საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რათა გაზიარებული  და, შეძლებისდაგვარად, მიღწეული ყოფილიყო ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები.

მიღწეული შედეგები

საზოგადოების კონსოლიდაცია კამპანიის ირგვლივ პეტიციის დეკლარიებისთანავე დაიწყო. პეტიციას ხელი 170 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა – ყველა მედია საშუალებამ გარდა რუსთავის და იმედისა. ორ-სამ დღეში აღნიშნულ ხელმოწერებს 1600 მოქალაქის ხელმოწერაც დაემატა. ხშირი სამუშაო შეხვედრების შედეგად მედიაც აქტიურად ჩაერთო კამპანიის გაშუქების პროცესში. დაიწყო ადვოკატირების კამპანიის აქტიური ფაზა.

ძალიან მალე კამპანიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების თანადგომა და ნდობა მოიპოვა. ამ ფაქტორს, და კერძოდ  დასავლეთი ქვეყნების ელჩების აქტიურ ჩართულობას პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კამპანიის წარმატებისათვის.

ადვოკატირების ორფაზიანმა კამპანიამ აიძულა ხელისუფლება დათმობებზე წასულიყო:

  • გაუქმდა „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი პირის“ ცნება
  • 10-დან 5-მაგ საჯარიმო სანქციამდე შემცირდა ჯარიმების ოდენობა
  • დაიწყო ტელედებატები
  • სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად ტელეკომპანიები მაესტრო და მეცხრე არხი ჩაერთო საკაბელო ტელევიზიების ქსელში.
  • მიღებული იყო გადაწყვეტილება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესის გაკონტროლებაზე

კამპანიის ორგანიზატორებს დასაწყისშივე ძალიან კარგად ესმოდათ, რომ კამპანიას 100 პროცენტიანი შედეგი არ ექნებოდა და ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. თუმცა კონსოლიდირებულმა მოძრაობამ აიძულა ხელისუფლება წასულიყო მოლაპარაკებაზე და დაეთმო რიგი პოზიციები. იმ ფონზე, რომ კამპანია ეხება საარჩევნო პროცესს და ხელისუფლების გადანაწილებას, მიღწეული შედეგი შეიძლება საკმაოდ დიდ წარმატებად ჩაითვალოს.