კამპანია გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად

წარდგენა

აღნიშნული მასალა წარმოგიდგენთ 2009-2015 წლებში ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” მიერ წარმოებულ კამპანიას ”დაიცავი გუდიაშვილის მოედანი”. არასამთავრობო ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” 2005 წელს დაარსდა და მის ერთ-ერთ მიზანს თბილისის  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც გამოვლინდა ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული არეალის, გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არასათანადო ქმედებების ფაქტები, ორგანიზაცია ჩაერთო პროცესში. პირველ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა თბილისის მერია, “თბილისის განვითარების ფონდი” და “ტფილისის  ჰამქარი”. დავის საგანი გუდიაშვილის მოედნის სამომავლო გეგმები იყო. “თბილისის განვითარების ფონდს” სურდა  მის ხელთ არსებული ქონების მომგებიანად გაყიდვა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით  საკმაოდ რადიკალურ დათმობებზე მიდიოდა, რაც სრულიად მიუღებელი იყო კულტურული მემკვიდრეობის დამცველთათვის.

კამპანია “დაიცავი გუდიაშვილის მოედანი”, რომელიც  9-10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. სამივე ეტაპი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე იდგა. რიგ შემთხვევებში შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის მიუხედავად ორგანიზაციამ არ დაყარა ფარ-ხმალი. თანმიმდევრულმა პროცესმა საბოლოოდ დადებითი შედეგი მოიტანა.  შეიძლება ითქვას, “ტფილისის ჰამქრის” მიერ  წარმოებული კამპანია “გაამაგრე გუდიაშვილი” ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და თანმიმდევრული კამპანიაა განხორციელებული ურბანული აქტივიზმის კუთხით.

აღნიშნული სასწავლო მასალის მიზანი, კამპანიის სტრატეგიის შემუშავებისას ყურადღების გამახვილებაა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის:

  • კამპანიის განხორციელებისას  კონტექსტის ცვლილებაზე სწრაფი რეაგირება,  ახალი გამოწვევების იდენტიფიცირება და უკვე დაგეგმილი კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებები;
  • კამპანიის წარმატებისთვის აუცილებელ ე.წ კრიტიკული მასის მობილიზაციისთვის კამპანიის გამრავალფეროვნებისას (როგორც ფორმის ასევე  სხვადასხვა აქტორების შემოყვანით) ინტერესთა ბალანსი და მთავარი ხაზის შენარჩუნება;
  • სამოქალაქო მოძრაობაში პოლიტიკოსთა მონაწილეობა და  პოლიტიკური კონტექსტის ბალანსი.

შესავალი

წლების განმავლობაში  საქართველოს ურბანული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი როლი ქალაქის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში სათანადოდ არ განიხილებოდა.  ამან, ერთი მხრივ, გამოიწვია საქართველოს ისტორიული  ქალაქების, ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ღირშესანიშნავი ურბანული ქსოვილის პრაქტიკულად სრული ამორტიზაცია და მეორე მხრივ,  სახელმწიფოს მხრიდან  თანხების დაზოგვისა თუ ქალაქის ბიუჯეტში თანხების მოზიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არაადეკვატური მიდგომები, მაგალითად ისტორიულ ქალაქებში საინვესტიციო და დეველოპერული პროექტების განხორციელებისას  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ინტერესის სრული იგნორირება, რასაც როგორც კონკრეტული ობიექტების, ასევე მთელი გარემოს განადგურებამდე მივყავართ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და დაცვაზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები არც სიუხვით და არც სიძლიერით არ გამოირჩეოდნენ.  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობად კამპანიად, რომელიც ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურებოდა   შეიძლება ჩაითვალოს თბილისის მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”-ს მიერ  გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად წარმოებული კამპანია.

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრი

არასამეწარმეო იურიდიული პირი “ტფილისის ჰამქარი” რეგისტრირებულია 2005 წლის 31 მარტს, მის მიზანს წარმოადგენს ქალაქზე ზრუნვა, კერძოდ კი: მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; მივიწყებული ქალაქური ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაცია;  მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური ჩართვა; მოსახლეობაში საქალაქო კულტურისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; სოციალურ-კულტურული პროგრამების განხორციელება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მის აღდგენაზე ზრუნვა; საქართველოში არსებული კულტურულ-ისტორიული ტრადიციების პოპულარიზაცია; საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; საგამომცემლო და ბეჭდვითი საქმიანობა; თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი.

2005 წლიდან ორგანიზაციას არა ერთი კამპანია აქვს ჩატარებული, რომელთა შორის  არის როგორც საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობები: საჯარო ლექციები, შემეცნებითი ტურები, სატელევიზიო ბლოგები, გამოფენები, კონკურსები, ასევე კვლევითი პროექტები: ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების რევიზია, კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ  ცვლილებების ანალიზი, რეკომენდაციები  კულტურული მემკვიდრეობის დაფინანსების შესახებ, წლების განმავლობაში ორგანიზაცია ცდილობდა ჩართული ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებულ ყველა არსებულ პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით პრობლემური ობიექტების შესახებ საინფორმაციო და საპროტესტო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება არის.

გუდიაშვილის მოედანი

მოედანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ძველი ქალაქისათვის და თბილისის  მოქალაქეების  თავშეყრის  საყვარელ  ადგილს  წარმოადგენს, XIX საუკუნის   მეორე ნახევრის და XX საუკუნის შენობათა ანსამბლია, ის დღესაც ინარჩუნებს ავთენტურობის მაღალ ხარისხს, როგორც  არქიტექტურული, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით. მოედნის გარშემო ძირითადად ერთი სიმაღლის 11  შენობა დგას.  მათგან მხოლოდ ორია ახალი, დანარჩენები კი – ძველი, ისტორიულად ღირებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა.

კამპანიაგაამაგრე  გუდიაშვილი

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” მიერ 2010-2018 წლებში წარმოებული კამპანია სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. მთავარი მიზანი, რომელიც სამივე ეტაპს აერთიანებდა იყო:

გუდიაშვილის მოედნის და მის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ადეკვატური,  მათ დაცვაშენარჩუნებაზე ორიენტირებული  განვითარება.

კამპანიის სამივე ეტაპს განსხვავებული ამოცანები ჰქონდა, რომელიც მთავარი მიზნის მისაღწევად იყო აუცილებელი.

I ეტაპი “დაიცავი გუდიაშვილის მოედანი” 2009-2011 წელი – ამოცანა ინფორმაციის შეგროვება, გავრცელება და მოედნის გადარჩენით დაინტერესებულ ადამიანთა წრის გაზრდა;

II ეტაპი “გაამაგრე გუდიაშვილი”  2011-2012 წელი  – არქიტექტურული ობიექტების ფიზიკური გადარჩენა;

III ეტაპი “გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები ” 2013-2018 წელი  – რესტავრაციის დაწყება. 

კამპანიის  დაწყების  მიზეზი

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით (ააიპ) „ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს“ (ამჟამად „თბილისის განვითარების ფონდს“) 2007-2008  წლებში   სახელმწიფოსგან  გადაეცა გუდიაშვილის მოედნის რამოდენიმე შენობა, რამოდენიმე მათგანის გამოსყიდვა კი  ფონდმა  თავად მოახდინა. თავდაპირველად იგეგმებოდა შენობების რეაბილიტაციის პროექტების მომზადება, რესტავრაციის განხორციელება და აღდგენილი ობიექტების  გაყიდვა. მოგვიანებით ფონდმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ობიექტების შეძენით დაინტერესებული პირი იღებდა შენობის გამაგრება-რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციას და ვალდებული იყო პროექტით განსაზღვრული სამუშაოები განეხორციელებინა.

მიუხედავად ვალდებულებისა, ფონდს 2007-2011 წლების განმავლობაში არ განუხორციელებია კონკრეტული სარესტავრაციო ან  გამაგრებითი  სამუშაოები, რამაც გუდიაშვილის მოედნის სახლების  მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა. არსებული ვითარება განადგურების საფრთხის ქვეშ აყენებდა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. შესაბამისად, პროცესში ჩაერთო თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”.

სიტუაციური ანალიზი, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელებაპირველი ეტაპი დაიცავი გუდიაშვილის მოედანი

ამოცანა: ინფორმაციის შეგროვება, გავრცელება და მოედნის გადარჩენით დაინტერესებულ ადამიანთა წრის გაზრდა.

განმხორციელებელი: – ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”- კამპანიის ამ ეტაპზე სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” მიერ.  აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია “თბილისის ჰამქარი”-ს წევრების 95 % მოხალისეობის საფუძველზე იყო ჩართული ორგანიზაციის აქტივობებში; პროექტის ანაზღაურებადი გუნდი განაპირობებდა დაგეგმილი ღონისძიებების სტრუქტურულ და თანმიმდევრულ განხორციელებას;

სტრატეგია: საგანმანათლებლო აქტივობები, უშუალოდ მოედანზე განხორციელებული კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.

პირველ ეტაპზე ორგანიზაციამ  მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებთან,  ურბანისტებთან კონსულტაციების და ადგილობრივ მოსახლეობასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით გამოავლინა პრობლემები:

  1. მოედნის და მის გარშემო არსებული შენობების ღირებულების შესახებ ინფორმაციის  სიმწირე;
  2. მოედნის გადარჩენით დაინტერესებული მოქალაქეების საკმაოდ მცირე წრე;
  3. გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, მათ შორის  შენობების მესაკუთრე ფონდის დახურული სისტემა და თანამშრომლობის სურვილის არ არსებობა;

მიუხედავად ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“  წესდებაში არსებული ჩანაწერისა, რომლის მიხედვით  ფონდს უნდა უზრუნველყო   „ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში არასამთავრობო სექტორთან, კერძო სააგენტოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის ორგანიზება, რეაბილიტაციისა და განვითარების პროცესებში აქტიური ჩართვის მიზნით“, ადვოკატირების კამპანიის პირველივე  ეტაპმა სრულიად სხვა ვითარება  გამოავლინა.  2011 წლის 15 აპრილს შედგა  შეხვედრა თბილისის განვითარების ფონდსა და „ტფილისის ჰამქრის“ წევრებს და ექსპერტებს  შორის გუდიაშვილის მოედნის შესახებ სასაუბროდ, რასაც ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და აღარ გაგრძელებულა.

არსებული ვითარება ნათელს ხდიდა, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ორგანიზაციას შეიძლება გამოეყენებინა, მოედნის არაადეკვატური, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგო განვითარების თავიდან ასარიდებლად ეს საზოგადოებრივი პროტესტი იყო.  შესაბამისად აუცილებელი იყო საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა, რომელიც უზრუნველყოფდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას აღნიშნულ პროცესში.

ორგანიზაცია 2009-2011 წლებში მართავდა სხვადასხვა ტიპის აქციებს გუდიაშვილის მოედნის კულტურული, ისტორიული, არქიტექტურული  და ურბანული ღირებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. განსაკუთრებით ყურადღება მახვილდებოდა მოედანზე, როგორც  მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცეზე,  ყველასთვის ხელმისაწვდომ რეკრეაციულ  ურბანულ არეალზე, სადაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტიპის აქციების: გამოფენის, ფესტივალის, კონცერტის მოწყობა. აღსანიშნავია რომ, კამპანიის პირველ ეტაპზე აქციებს უფრო საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდათ, ვიდრე საპროტესტო.

ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი  მოედნის და მთლიანად თბილისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, მის ღირებულებაზე კეთდებოდა. ორი წლის განმავლობაში მოედანზე გაიმართა სხვადასხვა ტიპის გამოფენა: “თბილისური კიბეები”, “გუდიაშვილის მოედნის ისტორია”, “ჭედური ყვავილები”, ფოტოკონკურსი ”გუდიაშვილის მოედანი”.  ადვოკატირებას თან სდევდა ფართო საინფორმაციო კამპანია, (Facebook, YouTube, TV, პრესა).

მოედანზე განხორციელებული შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების თემატიკის შერჩევა ხდებოდა უშუალოდ ორგანიზაციის წევრების მიერ. გამოფენების დაფინანსება ხდებოდა როგორც მიმდინარე პროექტის ბიუჯეტიდან, ასევე თავად ორგანიზაციის წევრების შემოწირულობებიდან.

პრობლემა: ამ ეტაპზე მიუხედავად კამპანიის საინტერესო ფორმისა და დაინტერესებულ ადამიანთა წრის ზრდისა, ის მაინც გარკვეულ სეგმენტს ფარავდა და ვერ ახერხებდა დაინტერესებულ ადამიანთა წრის მნიშვნელოვან ზრდას.

განხორციელებული აქტივობები:

  • გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი გუდიაშვილის მოედნის და მის გარშემო არსებული შენობა-ნაგებობების  ღირებულების და ისტორიის შესახებ
  • შერჩევით იქნა შესწავლილი ქ. თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე რამდენიმე ფართის ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდს საკუთრებაში გადაცემის კანონიერების საკითხი
  • თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ 2007-2008 წლებში გუდიაშვილის მოედნის შენობების სარეაბილიტაციო პროექტების შესწავლა და შეფასება
  • გუდიაშვილის მოედნის #2 და ლერმონტოვის  #2 სახლების რესტავრაციის პროექტების შესწავლის და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ,  პროექტის ფარგლებში ჩატარდა   დამატებითი კვლევა – ლერმონტოვის #2 საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ
  • გამოფენები
  • შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან (მოსახლეობა, ექსპერტები…)
  • შეხვედრა თბილისის განვითარების ფონდთან

შედეგი

კარგად შერჩეულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებმა საშუალება მისცა ორგანიზაციას მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა ინფორმაცია მოედნის და ზოგადად თბილისის კულტურული მემკვიდრეობის რაობის და ღირებულების შესახებ. საგამოფენო სივრცედ მოედნის გამოყენებამ კი კარგად წარმოაჩინა  მოედნის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის როლი.

მიუხედავად  მცდელობისა, თანამშრომლობა როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის  ეროვნული სააგენტო) ასევე უშუალოდ ქონების მფლობელ “თბილისის განვითარების ფონდთან”  პრობლემად დარჩა და უარყოფით, ნეგატიურ ჭრილში გადავიდა, რაც განსაკუთრებით კამპანიის მეორე ეტაპზე გამოვლინდა.

ეტაპი მეორე სამოქალაქო მოძრაობამდე  “გაამაგრე გუდიაშვილი”   სიტუაციის ანალიზი, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება 2011-2012

მოედნის გარშემო ვითარების გამწვავების  გამო ძირითადი მიზნის მისაღწევად ამოცანა შეიცვალა და   კამპანია ახალ საფეხურზე  გადავიდა.  აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო  (ყოველ 2 კვირაში ერთხელ). აქციებმა მეტად საპროტესტო ხასიათი შეიძინეს.

გამწვავების მიზეზი  

2011 წლის 19 დეკემბერს ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ავსტრიული კომპანია Zechner & Zechner-ის მიერ მომზადებული გუდიაშვილის მოედნის განვითარების პროექტი[1]. პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ახალი შენობებით ჩანაცვლებას და მოედნის სავაჭრო ცენტრად გადაქცევას გულისხმობდა.

2011 წლის 31 მაისს  თბილისის განვითარების ფონდსა და ინვესტორს „ირაო მაგნატ გუდიაშვილს“, რომელიც 2011 წლიდან იყო გუდიაშვლის მოედნის გარშემო არსებული შენობების მფლობელი, შორის გაფორმდა ხელშეკრულება. დადებული ხელშეკრულების შინაარსი  ნათელს ხდიდა, რომ ინვესტორისთვის მინიჭებული უფლებებით გუდიაშვილის მოედანზე  მდებარე შენობების  მნიშვნელოვანი გადაკეთება ან დანგრევა იყო შესაძლებელი.  ნადგურდებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, ასევე მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე.

წინა წლებში ჩატარებულმა საინფორმაციო კამპანიამ საშუალება მისცა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარს” სწრაფად და ეფექტიანად შეეკრიბა დაინტერესებულ ადამიანთა საკმაოდ ფართო წრე, დაეგეგმა აქციები, რომლის ამოცანა მოედნის ფიზიკური გადარჩენა იყო.

ამოცანა: პერმანენტული აქციების მეშვეობით  მოედნის ფიზიკური გადარჩენა.

პირველი აქცია 2011 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა, ამ დღიდან “ტფილისის ჰამქრის” კამპანიამ სამოქალაქო მოძრაობის ხასიათი მიიღო.

განმხორციელებელი: ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” და დაინტერესებული მოქალაქეები.

ამ ეტაპიდან კამპანიის სტრატეგიის განსაზღვრაში, აქციის დაგეგმვაში, დაფინანსების მოძიებაში, განხორციელებასა და პოპულარიზაციაში “ტფილისის ჰამქართან” ერთად  ჩაერთნენ მოქალაქეები. ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” მიერ  წინა წლებში ჩატარებული კამპანიების საშუალებით ორგანიზაციამ მოახერხა,  როგორც კულტურული მემკვიდრეობის  დაცვით  დაინტერესებული ადამიანთა წრის გაზრდა, ასევე მათი ორგანიზაციის გარშემო მობილიზება.   საერთო მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ შემოიკრიბა მოხალისეები, როგორც პროფესიონალები, ასევე უბრალოდ ქალაქის გულშემატკივრები. კამპანიის წარმოებაში ჩართული ადამიანები განსხვავდებოდნენ როგორც ასაკით, ასევე  პროფესიებით.  მაგალითად აქციებისთვის სახლში გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმი მოჰქონდათ ასაკოვან ქალბატონებს, რომლებიც საკუთარი პროდუქტის გაყიდვიდან აღებულ თანხას სრულად წირავდნენ ორგანზატორებს, ბავშვებს კი  საკუთარი სურვილით მოჰქონდათ სათამაშოები, ნახატები, ისინიც გაყიდვიდან მიღებულ თანხას  სწირავდნენ ორგანიზაციას.

შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის“  წევრების გარდა გაერთიანებული იყვნენ დაინტერესებული მოქალაქეები. საორგანიზაციო კომიტეტი საზოგადოებრივ  საწყისზე მომუშავე სხვადსახვა ასაკისა და პროფესიის 6-7 ადამიანისგან შედგებოდა,  თუმცა კონკრეტული აქციის სპეციფიკიდან და თემიდან გამომდინარე ძირითად გუნდს ემატებოდა კონკრეტული ადამიანები.

სტრატეგია: კამპანიამ შეინარჩუნა ორგანიზაციის მიერ წინა წლებში წარმოებული ადვოკატირების კამპანიის ძირითადი მიმართულება – პოზიტიური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათი. თუმცა წინა აქციებისგან განსხვავებით, უფრო სპონტანურ და დაუგეგმავ აქტივობაზე  შეჩერდა არჩევანი, რადგან აქციებს პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონოდა, რესურსი ყველა კონკრეტული აქტივობის დაგეგმვისა და დაფინანსების არ არსებობდა, შესაბამისად, არჩევანი გაკეთდა მოედნის, როგორც თავისუფალი   სივრცის, კამპანიის კი, როგორც ხელოვანებისთვის შეთავაზებული თავისუფალი პლატფორმის წარმოჩენაზე. გუდიაშვილის მოედანი კამპანიის პროცესში იქცა სივრცედ, სადაც ნებისმიერ ადამიანს მისთვის სასურველი ფორმით შეეძლო გამოეხატა სათქმელი.

საორგანიზაციო კომიტეტის როლი 

კომიტეტის მოვალეობა იყო გარკვეულ საბაზისო აქტივობების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება:

      • კონცერტი, სხვადასხვა ტიპის კონკურსები, გამოფენები, ინსტალაციები, პერფორმანსები.

აქტივობების დაფინანსება ხდებოდა შემოწირულობებით და უშუალოდ აქციებზე  გაყიდული პროდუქტით შეგროვილი თანხით. ორგანიზატორების მხრიდან ხდებოდა სასმელის (ჩაი, ყავა, გლინტვეინი) გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა დაახლოებით 1000-1200 ლარი  ხმარდებოდა აქციაზე განსახორციელებელ აქტივობებს.

  • თითოეულ აქციაზე საორგანიზაციო კომიტეტი ახორციელებდა 2-3 აქტივობას, რომელთა შერჩევა ხდებოდა სხვადასხვა პირების შემოთავაზებებისაგან. საორგანიზაციო კომიტეტი 10 დღით ადრე ხვდებოდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ესა თუ ის აქტივობა განეხორციელებინათ მოედანზე,  მათგან ხდებოდა 2 ან 3 აქტივობის შერჩევა, პრიორიტეტი ენიჭებოდა მცირე ბიუჯეტიან ინოვაციურ იდეებს. მაგ. ვიდეო პროექციების მეშვეობით დაცარიელებული სახლების გაცოცხლება.
  • აქციების მუდმივი კომპონენტი იყო კონცერტი, ორგანიზატორებიყოველ აქციაზე აწყობდნენ ცოცხალი მუსიკის კონცერტებს. მუსიკოსების ჩართვა აქციებში ხდებოდა უსასყიდლოდ, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე, ორგანიზატორები იხდიდნენ მხოლოდ აპარატურის თანხას. აქციებში დაახლოებით 20 – 25 მდე  საშემსრულებლო ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.
  • ცალკე ბავშვებისთვის გამოყოფილი იყო კუთხე,  სადაც მათ შეეძლოთ ესწავლათ ძერწვა, ხატვა გაცნობოდნენ თბილისის, გუდიაშვილის მოედნის ისტორიას, გამოეფინათ საკუთარი ნამუშევრები. ამ აქტივობისთვის საორგანიზაციო კომიტეტი ყიდულობდა საჭირო მასალას: ფანქრები, თიხა, ქაღალდი…
  • სოციალური კამპანიის წარმოება, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა, მედია კომუნიკაცია, ანონსების, პრეს-რელიზების მომზადება.
  • სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა facebook გვერდი სადაც იკრიბებოდა ყველა არსებული ინფორმაცია, ამ გვერდის საშუალებით ხდებოდა აქციის თარიღის და თემატიკის დაანონსება.
  • აქციების შემდეგ მოედნის დასუფთავება;
    •  

დაუგეგმავი აქტივობები

გარდა საორგანიზაციო ჯგუფის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, დაინტერესებულ პირებს, თუ ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება მათთვის სასურველი ფორმით და სასურველ თემაზე გამოეხატათ სათქმელი. შესაბამისად, როგორც აქტივობების თემები, ასევე მათი ფორმები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით,  შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ყველას ჰქონდა საშუალება, ეთქვა სათქმელი იმ ფორმით, რაც მისთვის იყო მისაღები – სიმღერით, გამოფენით, ცეკვით, პოეზიით, პერფორმანსით თუ საპროტესტო ბანერით.

აქციების პერიოდში მოედანზე იმართებოდა ბაზრობა ე.წ. flea market,  სადაც აქციის მოანაწილეებს შეეძლოთ როგორც შეეძინათ, ასევე გაეყიდათ  სასურველი პროდუქცია: ხელოვნების ნიმუშები, ძველი ნივთები, საკვებ-სასმელი. გაყიდვიდან აღებული თანხის დიდ ნაწილს აქციის მონაწილეები  ნებაყოფლობით ათავსებდნენ შემოწირულობების ყუთში. შემოწირულობებით შეგროვილი თანხით  ფინანსდებოდა მომდევნო აქციის საბაზისო აქტივობები.

გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად გამართული აქციების პოპულარულობის მნიშვნელოვანი მიზეზი მისი ფორმა იყო, შეიძლება ითქვას, ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი ე.წ. კრეატიული პროტესტისა, სადაც პროტესტი გამოიხატებოდა ხელოვნებით.

განხორციელებული აქტივობები:

  • საჯარო შეხვედრები  გუდიაშვილის მოედნის გარეშემო არსებულ შენობებზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების პროექტანტ კომპანიასთან
  • საჯარო შეხვედრები ექსპერტებთან
  • კონკრეტულ შენობებზე დაგეგმილი საქმიანობის სამართლებრივი პროცესი
  • ელექტრონული პეტიცია
  • საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სტიკერები, სტენსილები
  • მედია კამპანია
  • სოციალური კამპანია
  • წერილები, მიმართვები თბილისი მერის, კულტურის მინისტრის სახელზე
  • კულტურული ღონისძიებეი: გამოფენა, კონცერტი, ინსტალაცია, პერფორმანსი, კონკურსები

შედეგი

შერჩეულმა სტრატეგიამ უზრუნველყო აქციების პოპულარობა, რასაც მოჰყვა: მეტი დაინტერესებული ადამიანი, მეტი აქციის მონაწილე, თუ პირველ ეტაპზე აქციებს ესწრებოდა 200-300 ადამინი, მეორე ეტაპზე დამსწრეთა რაოდენობა 1500-2000 მიაღწია, მეტი მედია გაშუქება. რაც საბოლოო ჯამში გახდა კიდეც გარანტი  პროექტის გადავადებისა, შემდეგ კი შეჩერებისა. აღსანიშნავია, რომ აქციებში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები იყვნენ ჩართული, თუმცა პროცენტულად ყველაზე დიდ ნაწილს ახალგაზრდები (20-30წ)  წარმოადგენდნენ. რაც შეეხება მედიას, ყოველი აქციის წინ კეთდებოდა ანონსი  და პრესრელიზი რომელიც ეგზავნებოდათ მედია საშაულებებს. თუმცა მედია გაშუქება აქციების პოპულარობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე არ ყოფილა რთული გამოწვევა .

თუმცა ამ ფორმას ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. დისკუსიები მიმდინარეობდა როგორც საორგანიზაციო შეხვედრების დროს, ასევე სოციალური ქსელში:

პრობლემა 1: პროცესში აქციების პოზიტიურ, გასართობ ფორმას გამოუჩნდათ მოწინააღმდეგეები, მათთვის ასეთი ფორმა მიუღებელი იყო და მეტ საპროტესტო მუხტს ითხოვდნენ. მათ  ჰქონდათ პრეტენზია, რომ ხშირად აქციაზე მოსული ადამიანები არ იყვნენ ინფორმირებული და სათანადოდ გათვითცნობიერებული აქციის მიზნებში. შესაბამისად ისინი კონკრეტული ”ივენთისთვის” მოდიოდნენ და არა მოედნის გადასარჩენად.

ორგანიზატორთა არგუმენტი: რა თქმა უნდა მათი პრეტენზია  არაინფორმირებული ადამინების აქციაზე მონაწილეობის  შესახებ რიგ შემთხვევაში სიმართლე იყო, თუმცა მოედანზე მოსული ადამიანების ინფორმირება ორგანიზატორების მთავარი ფუნქცია იყო, რამაც მათ მისცა  საშუალება გარკვეული “ივენთების” გამო მოედანზე მოსული არაინფორმირებული ადამიანი სახლში უკვე ინფორმირებული, მოედნის დაცვაზე ორიენტირებულ ადამიანად გაეშვათ.

ამ ხერხით ორგანიზატორებმა მოახერხეს:

  • შეეკრიბათ მოედნის დაცვისთვის აუცილებელი საჭირო კრიტიკული მასა;
  • გაევრცელებინათ ინფორმაცია;
  • აქციების საინტერესო ფორმისა და პოპულარობის გამო უზრუნველყოთ მაქსიმალური მედია გაშუქება.

პრობლემა 2: პოლიტიკური პარტიების ჩართვა.  აქციებში პოლიტიკური პარტიების ჩართვას და გარკვეული პოლიტიკური მესიჯების აქციაზე გაჟღერებას ჰყავდა  მომხრეები  და მოწინააღმდეგეები.

პირველი ჯგუფის თვალსაზრისით პარტიების ჩართვით და გასაპროტესტებელი თემების ფართო დიაპაზონით შესაძლებელი იყო გაზრდილიყო როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი;

მეორე ჯგუფისთვის “გაამაგრე გუდიაშვილის” აქციები უნდა  ყოფილიყო კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანებული არაპოლიტიკური სამოქალაქო მოძრაობა.

ორგანიზატორთა პოზიცია როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გასაპროტესტებელი თემების დიაპაზონი არ იზღუდებოდა, ორგანიზატორები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ მხოლოდ მოედნის დაცვაზე ორიენტირებულ აქტივობებს, მაგრამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ინიციატივით შეეძლო შეერჩია და გაეპროტესტებინა მისთვის მტკივნეული ესა თუ ის პრობლემური საკითხი (მაგ. იყვნენ ჯგუფები რომლებიც მართავდნენ აქციებს შრომით უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, გროვდებოდა ხელმოწერები მედია პლურალიზმისთვის…  ).

რაც შეეხება პოლიტიკოსების ჩართულობას, ერთადერთი რაც იკრძალებოდა აქციებზე პოლიტიკური პარტიების  ორგანიზებული (საკუთარი ატრიბუტიკით და მესიჯებით) ჩართულობა იყო, თუმცა არც ერთ პოლიტიკოს არ ეკრძალებოდა აქციაზე დასწრება უბრალო მონაწილის რანგში.

ამ მიდგომამ საშუალება მოგვცა მოედნის დაცვისათვის გაგვეერთიანებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილების ადამიანები. მიუხედავად ამისა, პრობლემად დარჩა მოლაპარაკებები ქალაქის მთავრობასთან, რომელსაც რეალური ბერკეტები ჰქონდა პრობლემის მოსაგვარებლად. არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად არ შედგა შეხვედრა ქალაქის მთავრობას და აქციის მონაწილეთა შორის, რის მიზეზად აქციების პოლიტიკური ხასიათი იყო დასახელებული.

 

ეტაპი სამი –  გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად წარმოებული ადვოკატირების კამპანიაგუდიაშვილის ბაღში დაგელოდები” 2014-2015 წლები  

არსებული მდგომარეობა

2012 წლის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა  ხელისუფლება, ახალ პოლიტიკურ ძალასთან პირველივე დღეებიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა მოედნის გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად (ინტენსიური შეხვედრები, სხვადასხა პრობლემურ მშენებლობებზე ორგანიზაცია “ტფილისის  ჰამქრის” ხელთ არსებული დოკუმენტაციის სამინისტროსთვის მიწოდება…)    შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიშიც გაერთიანდნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები.  მათ მიერ  შეიქმნა  პრობლემურ მშენებლობათა ნუსხა, სადაც მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საფრთხეს უქმნის კულტურულ მემკვიდრეობას, ქალაქების სახეს და ისტორიული ქალაქის ადეკვატურ განვითარებას.  სიაში მოხვდა გუდიაშვილის მოედანიც. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  პროცესში ჩართული ორგანიზაციების (ტფილისის ჰამქარი, “icomos საქართველო..) და დაინტერესებული პირების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა  “თბილისის განვითარების ფონდსა“ და შპს “ირაო მაგნატ გუდიაშვილს” შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და მთელი უძრავი ქონების დაბრუნდა “თბილისის განვითარების ფონდის” საკუთრებაში. მიზეზად “ირაო მაგნატ გუდიაშვილი” პროექტის ტექნიკური პარამეტრების შეცვლა დაასახელა: “მთავრობისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალურად გვიცხადებენ, რომ კონტრაქტით შეთანხმებულ ტექნიკურ პარამეტრებს აღარ ექნება მათი მხარდაჭერა და ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი უკვე შეიცვალა ან იცვლება ჩვენთვის არახელსაყრელად და ჩვენი კონტრაქტის საწინააღმდეგოდ… აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი (გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია) თავისი მთავარი პარამეტრებით – რომელიც ყველა მთავარი ნაგებობის დანგრევას გულისხმობს – არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა და არც მართული ყოფილა ჩვენ მიერ, არამედ ის თბილისის განვითარების ფონდმა და ქალაქ თბილისის მერიამ ასეთი ფორმით მოგვყიდა“.

წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად 2013 წელს “ირაო მაგნატმა” უარი განაცხადა პროექტის განხორციელებაზე და  გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული შენობები დაუბრუნდა “თბილისის განვითარების ფონდს”,  მიუხედავად ორგანიზაცია ”ტფილისის ჰამქარის” ინტენსიური მუშაობისა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ინსტიტუციებთან, სამწუხაროდ პროცესი ჭიანურდებოდა, “თბილისია განვითარების ფონდი” აყოვნებდა მოედნის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას, რაც დღითიდღე ამძიმებდა შენობების ფიზიკურ მდგომარეობას.

აუცილებელი იყო მოძებნილიყო  გზა არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის.

ამოცანა 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების წინ თემის აქტუალიზაცია. შენობების გადასარჩენად აუცილებელი გამაგრებითი და სარესტავრაციო პროცესის დაწყება.

განმხორციელებელი ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”. კამპანიის ამ ეტაპზე სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” მიერ.  ძირითადი აქტივობების დაფინანსება უზრუნველყოფილი იყო მიმდინარე საგრანტო პროექტით.  მოედანზე “ტფილისის ჰამქრის” მიერ დაგეგმილი აქტივობების  გარდა ორგანიზაციასთან შეთანხმებით ხორციელდებოდა აქტივობები, რომელთა  დაგეგმავაში, დაფინანსებაში და  განხორციელებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები და ორგანიზაციები. მაგალითად ქარჩხაძის გამომცემლობამ მხარდაჭერის გამოსახატად, ახალი წიგნის პრეზენტაცია და კონცერტი გამართა გუდიაშვილის მოედანზე.
„კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ გამოთქვა სურვილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირების საერთაშორისო დღე „გაამაგრე გუდიაშვილის“ მორიგი აქციის ორგანიზებით აღენიშნათ.

აქციაში ახალი ორგანიზაციების ჩართვით გაიზარდა ბენეფიაციარების დიაპაზონი.

სტრატეგია: საგანმანათლებლო აქტივობები, უშუალოდ მოედანზე განხორციელებული კულტურული ღონისძიებები, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან და თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრები;

2014 წლის მაისში დაგეგმილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება არსებული წინასაარჩევნო პერიოდი გამოეყენებინათ თემის აქტუალიზაციისთვის და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მოეწყოთ საჯარო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, მერობის კანდიდატებთან, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონოდა საშუალება მოესმინა მათი პოზიცია ამ საკითხებზე.

ახალი კამპანია “გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები”  მოედანზე ისევ  პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას გულისხმობდა. აქციების კონცეფცია უცვლელი იყო. თუმცა ამ ეტაპზე აქციების დაგეგმვას და  განხორციელებას სრულად აწარმოებდა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”.

გარდა უკვე ჩვეული აქციებისა რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა, უყვარდა და ელოდებოდა. ორგანიზაციამ ამ ეტაპზე შეიმუშავა მემორანდუმი, რომლის მიხედვით ხელმომწერი პოლიტიკოსები ვალდებულებას იღებდნენ  გადაერჩინათ “გუდიაშვილის მოედანი”.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო აქციაში და საჯაროდ მოეწერა ხელი მომორანდუმისთვის, რომლის თანახმადაც, მან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულება აიღო მემორანდუმის ყველა პუნქტის დაკმაყოფილებაზე. „თბილისის ჰამქარსა“ და დავით ნარმანიას შორის  აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა 2014 წლის 11 მაისს „გაამაგრე გუდიაშვილის“ აქციაზე მოსული მოქალაქეების თანდასწრებით. ანალოგიური მემორანდუმები დაიდო ოპოზიციის კანდიდატებთანაც.  გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია სახელისუფლებო კანდიდატის აქციაზე მოსვლამ და ეს ქმედება  ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობად იქნა აღქმული, თუმცა მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ  აღნიშნული მემორანდუმი გახდა გარკვეული სასიკეთო პროცესის  დაწყების საბაბი.

კონკრეტულად კი პირველ ეტაპზე:

  1. გამოცხადდა ღია კონკურსი მოედნის განვითარების კონცეფციაზე და სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე, რაც მოედნისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას გულისხმობს;
  2. გამოცხადდა ღია კონკურსი  2 ახალი არქიტექტურული  ობიექტის პროექტზე;
  3. უშუალოდ რესტავრაციის დაწყებამდე გამოიყო თანხები მოედნის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის, დამონტაჟდა ე.წ. ძალოვანი  ხარაჩოები;

2018 წელს მუნიციპალიტეტმა მოედნის რესტავრაციაზე გამოყო 50 მილიონი ლარი და დაიწყო რესტავრაცია.

განხორციელებული საქმიანობა:

  • დახურული შეხვედრები პროცესში ჩართული მხარეებთან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, ექსპერტები,  იურისტები, პოლიტიკური პარტიები
  • საჯარო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან
  • საჯარო შეხვედრები ექსპერტებთან
  • კონკრეტულ შენობებზე დაგეგმილი საქმიანობის სამართლებრივი ანალიზი
  • მემორანდუმი
  • საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სტიკერები. სტენსილები
  • მედია კამპანია
  • სოციალური კამპანია
  • წერილები, მიმართვები თბილისი მერის, კულტურის მინისტრის სახელზე
  • კულტურული ღონისძიებები: გამოფენა, კონცერტი, ინსტალაცია, პერფორმანსი, კონკურსები
  • დოკუმენტური ფილმი
  • ვიდეო მიმართვები

შეჯამება

წლების განმავლობაში წარმოებულმა  პროცესმა არაერთხელ შეცვალა ვითარება და გამოწვევები, თუმცა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარმა” და მის გარშემო გაერთიანებულმა მოქალაქეებმა   შეძლეს და მიაღწიეს მთავარ მიზანს :

  1. თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის  კარგად არის ცნობილი სად მდებარეობს და რა ღირებულებას წარმოადგენს გუდიაშვილის მოედანი და მის გარშემო არსებული ობიექტები;
  2. გუდიაშვილის მოედანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეა, სადაც იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: პრეზენტაციები, კონცერტები, ფოტო-ფესტივალი …
  3. მიმდინარეობს მოედნის რესტავრაციის პროცესი;
  4. გუდიაშვილის მოედნის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, კარგად დაგეგმილმა კამპანიამ, მედიის მხრიდან დიდმა ინტერესმა გამოიწვია არა მარტო მოედნის, არამედ მთლიანად ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის  და ზოგადად ქალაქმშენელობითი პროცესებისადმი დიდი ინტერესი .

დასკვნა

გუდიაშვილის მოედნის  გადასარჩენად წარმართულმა კამპანიამ არა ერთხელ გაიარა დანის პირზე, ყოველ ეტაპზე ორგანიზაცია “ტფილისი ჰამქრის ” წარმომადგენლებმა სწორედ შეაფასეს  ახალი  გამოწვევა და სწრაფად მოახდინეს მასზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით კამპანია არ იქნებოდა წარმატებული. მაგალითად:

  • 2011 წელს ორგანიზაციას რომ არ მიეცა საშუალება აქტივისტებისთვის პრაქტიკულად მათ ეთამაშათ ძირითადი როლი აქციების სტრატეგიის შემუშავებაში და დაგეგმვაში, სავარაუდოდ ორგანიზაცია, მანამდე არსებული სტრატეგიით ვერ მოახერხებდა იმ რაოდენობის ადამიანების მოზიდვას, რაზეც ახალი სტრატეგიის შესაბამისი კამპანია გავიდა.
  • ასევე, ორგანიზაციას უარი რომ ეთქვა 2014 წელს  სამთავრობო კანდიდატის აქციაზე მისვლაზე და მასთან ამ ფორმით მემორანდუმის გაფორმებაზე,  შეიძლება ქალაქის ახალ ხელისუფლებას მოედნის მიმართ ვალდებულების განცდა ნაკლები ჰქონოდა, რაც კიდევ უფრო გაართულებდა ვითარებას.

“ტფილისის ჰამქრის” მიერ გუდიაშვილის მოედნის გარეშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის და თავად მოედნის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის გადარჩენა  თანმიმდევრული კამპანიის შედეგად მოხერხდა, რომლის პროცესში ორგანიზაციამ არა ერთხელ მოახერხა თემის აქტუალობის შენარჩუნება  და საპროტესტო მუხტის გაზრდა . საბოლოო მიზნის მიღწევის გარანტი თითოეული საფეხურის (ეტაპის) ამოცანის შესრულებამ განაპირობა, რისი გარანტიც ყოველ საფეხურზე გამოწვევების ზუსტი იდენტიფიცირება და მათზე მორგებული სტრატეგია იყო.

 

[1] ავსტრიული კომპანია Zechner & Zechner-ი თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მულტიფუნქციური პროექტის განვითარებისთვის გამოცხადებული  კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსის დამკვეთი იყო კომპანია: IRAO Magnat Gudiashvili LLC

 

თემატური ბმულები:

http://www.worldarchitecturenews.com/project/2011/18360/zechner-zechner-zt-gmbh/gudiashvili-square-redevelopment-in-tbilisi.html

http://dfwatch.net/historic-tbilisi-square-was-dying-springs-to-life-63396-4894

https://www.youtube.com/watch?v=LYGsMRvWeok

https://www.opendemocracy.net/od-russia/salom%C3%A9-jashi/tbilisi-%E2%80%93-where-%E2%80%98restoration%E2%80%99-means-redevelopment