კამპანია ბათუმის ბულვარის გადასარჩენად

წარდგენა

აღნიშნული მასალა წარმოგიდგენთ 2015-2016 წწ ქალაქ ბათუმის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონის – ბათუმის ბულვარის გადასარჩენად  წარმოებულ  სამოქალაქო კამპანიას. კამპანიამ საკმაოდ მცირე დროში მოახერხა ბათუმის ბულვარის დაცვით დაინტერესებული ადამიანების  მობილიზება და  ერთიანი, ეფექტიანი და თანმიმდევრული კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.

შესავალი

წლების განმავლობაში  საქართველოს ურბანული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი როლი ქალაქის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში სათანადოდ არ განიხილებოდა.  ამან გამოიწვია  სახელმწიფოს მხრიდან  თანხების დაზოგვისა თუ ქალაქის ბიუჯეტში თანხების მოზიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არაადეკვატური მიდგომები, მაგალითად ისტორიულ ქალაქებში საინვესტიციო და დეველოპერული პროექტების განხორციელებისას  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ინტერესის სრული იგნორირება, რასაც როგორც კონკრეტული ობიექტების, ასევე მთელი გარემოს განადგურებამდე მივყავართ. გამონაკლის არც ავტონომიური რესპუბლიკა აჭარა წარმოადგენს, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეინიშნება აჭარის ა/რ დედაქალაქში, ბათუმში. ბათუმი საქართველოს ერთ-ერთ მთავარი ზღვისპირა საკურორტო ქალაქია, რომელიც მდიდარია ღირებული ურბანული მემკვიდრეობით. ძალიან ძლიერი იყო  მენაშენეთა და დეველოპერთა  ინტერესი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის მიმართ, რასაც მისი ფუნქცია და განვითარების პერსპექტივა განაპირობებდა. სამწუხაროდ, ვერ ხერხდებოდა ისტორიული ქალაქის დაცვისა და მენაშენეთა ინტერესების ბალანსი. ამის  მაგალითად შეგვიძლია ბულვარში განხორციელებული არაერთი პროექტი მოვიყვანოთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და დაცვაზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები არც სიუხვით და არც სიძლიერით გამოირჩეოდნენ.  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ და ცნობად კამპანიად, რომელიც ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურებოდა შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო კამპანია “დაიცავი ძველი ბულვარი ”

ბათუმის ბულვარი

ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს და მოქცეულია პლაჟსა  და განაშენიანების ნაპირს შორის. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

განსაკუთრებულია ბულვარის როლი ბათუმელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ისტორია იწყება 1881 წლიდან. ბულვარის მშენებლობის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა.ი.სმეკალოვს ეკუთვნის. ბათუმის პოლიცმეისტერის ვოზნესენკის გადაწყვეტილებით, ბულვარის მშენებლობა პრუსიელ მებაღეებს: რესლერსა და რეიერს დაევალათ.1884 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა რესლერი, ხოლო ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში 5 წლით მოწვეულ მიხეილ დალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”.

2009 წლის ბოლოს ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი, რომელიც 1200 მეტრზეა გადაჭიმული.

ბულვარის პრობლემა

2009 წლიდან ბულვარის ზოგიერთ მონაკვეთში გაჩნდა ჩაკეტილი სივრცეები, ელიტარული დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა სასტუმრო „შერატონის“ კუთვნილი საცურაო აუზი.  პრობლემატურია კანონები, რომლებიც არეგულირებენ მიწათსარგებლობისა და მშენებლობის საკითხებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე. ზოგ შემთხვევაში ისინი არაადეკვატურია. მაგალითად, ქალაქის განაშენიანების მოქმედი რეგლამენტით ბათუმის სარეკრეაციო ზონაში, რომელსაც მიეკუთვნება ბათუმის ბულვარი, ნებადართულია ისეთი ობიექტების განთავსება, რომელთა ფუნქციური დანიშნულება ეწინააღმდეგება ზონის შინაარსს (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ზოოპარკები, სათამაშო ავტომატების დარბაზები, საეკლესიო ობიექტები, ადმინისტრაციის შენობები, ავტოსადგომები და სხვ.). მსგავსი დოკუმენტები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ქმნის წინაპირობებს იმგვარი დარღვევებისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2011 წლის აპრილში.

2011 წლის აპრილის თვეში, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვამ და მის ადგილას ბიზნეს ცენტრის მშენებლობის დაწყებამ ადგილობრივი საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოეწყო საპროტესტო გამოსვლები, შედგა პეტიცია, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტის მოთხოვნით. საზოგადოებისათვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბულვარში მშენებლობის დაწყება უმაღლესი პირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაიწყო ბულვარის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და განცხადებით მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მაგრამ სააგენტომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული დოკუმენტი მიეკუთვნებოდა საიდუმლო ინფორმაციას და კანონმდებლობით მისი გაცემა დაუშვებელი იყო. არასამთავრობოებმა სააგენტოს უარი ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში – აჭარის ა.რ. განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს, ხოლო შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სამართლებრივი დასაბუთების მიუხედავად, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ბულვარის უძველესი ნაწილის ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დასრულებულია. სამწუხაროა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს არ არის გათვალისწინებული არც სპეციალისტთა და არც საზოგადოებრივი ინტერესები და უგულებელყოფილია კონკრეტული ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელი ფასეულობები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათთან დაკავშირებული ღირებულებების შენარჩუნება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობისა და ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა რომ 2011 წელს ბულვარის გარშემო დაწყებულმა კამპანიამ წარმატებას ვერ მიაღწია და ბულვარის ტერიტორიაზე აშენდა დაგეგმილი ობიექტი, მან მოახერხა ბულვარის პრობლემების აქტუალიზაცია. შესაბამისად ახალი პრობლემის გაჩენის შემდეგ 2015 წელს მარტივად მოხდა  ადამიანთა მობილიზაცია.

კამპანია დაიცავი ძველი ბულვარი

ამოცანა: ბათუმის ბულვარის ისტორიულად ჩამოყალიბებული  სამი ხეივნის შენარჩუნება

განმხორციელებელი: – საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბულვარი”. საინიციატივო ჯგუფი აერთიანებდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე უბრალოდ დაინტერესებულ მოქალაქეებს. საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებული განსხვავებული ასაკის, პროფესიის, ინტერესის   ადამიანების 100% სრულიად უსასყიდლოდ  იყო ჩართული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტრატეგია: პერმანენტული აქციები, საჯარო და დახურული  შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ინსტიტუციებთან,  საჯარო ლექციები ბულვარის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაციისთვის,  პროცესის სამართლებრივი ანალიზი.

წინაპირობა – 2015 წლის 16 დეკემბერს, სასტუმრო რედისონში შპს “სანატორიუმ ოაზისმა”,  სსიპ “ბათუმის ბულვარის” დაკვეთით შესრულებული  ბულვარის კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად იცვლებოდა  ბულვარის დაგეგმარება, უქმდებოდა სამიდან ერთი  ხეივანი და ის მთლიანად კაფეებსა და რესტორნებს ეთმობოდა.

პროექტმა  მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია რადგან ისინი მიიჩნევდნენ რომ, აღნიშნული კონცეფცია საფრთხეს უქმნიდა  ბათუმის ბულვარს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,  ასევე  ბულვარის რეკრეაციულ ფუნქციასაც. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ხეივნის გაუქმება პარალელურ რეჟიმში დაიწყო.

პრეზენტაციიდან რამოდენიმე დღეში საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა  პეტიცია – დაიცავი ძველი ბულვარი:

“პეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას. ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.

მოვითხოვთ:

  • ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას;
  • კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
  • გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე;
  • ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას;
  • სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას;

ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.- საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი“.

აღსანიშნავია რომ, პრობლემის გაჩენისთანავე პროცესში ჩაერთო რამდენიმე დამოუკიდებელი ჯგუფი. საწყის ეტაპზე მათ შორის კოორდინაცია საკმაოდ სუსტი იყო. ჯგუფები დამოუკიდებლად  ახდენდნენ  გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან კოორდინაციას, გეგმავდნენ აქციებს, მიუხედავად პეტიციის არსებობისა არ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული და მკაფიო მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფდა არა მარტო იმ ეტაპზე სამუშაოების შეჩერებას, არამედ სამომავლოდ ბულვარის ადეკვატურ განვითარებას.

მოგვიანებით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები  “ბათომი”,  “გამჭვირვალობა საქართველო” და დაინტერესებული მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფები.

საინიციატივო ჯგუფმა შეძლო ჩამოეყალიბებინა  ეფექტური კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო როგორც  ინფორმაციის გავრცელებაზე და პროცესშია მეტი ადამიანის ჩართვაზე, ასევე სამართლებრივი პროცესის წარმართვაზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კოორდინაციაზე, კონკრეტული მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე. ამ ეტაპიდან კამპანიამ მიიღო ერთიანი, თანმიმდევრული ხასიათი, რაც საბოოლოოდ გახდა მისი წარმატების გარანტი.

კამპანიას სათავეში ჩაუდგა ორგანიზაცია “ბათომი”  რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე ორიენტირებულ კამპანიებს, შესაბამისად მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი გამოცდილება კამპანიების დაგეგმვის  და  მართვის.

მათ  უზრუნველყვეს :

  • ყველა არსებული ჯგუფისა და დაინტერესებლი მხარის შეკრება და საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება;
  • თბილისიდან ექსპერტების მოწვევა, საჯარო ლექციების ორგანიზება;
  • თბილისიდან ჩამოსული ექსპერტების და საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა და პრობლემების იდენტიფიცირება;
  • მათთან ერთად  მოთხოვნის ჩამოყალიბება  – სამოქალაქო ინიციატივა დაიცავი ბათუმის ბულვარის მთავარი მოთხოვნა  ბათუმის ბულვარის კონსერვაციის გეგმის შემუშავება იყო.

აღნიშნული გეგმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის.

პრობლემების იდენტიფიცირების და მათი მოგვარების გზის გამოვლენის შემდეგ დაიგეგმა კონკრეტული კამპანია, რომლის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანითვის ინფორმაციის მიწოდება და გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებისთვის საჭირო კრიტიკული მასის უზრუნველყოფა იყო. ამ მიზნის მისაღწევად  მნიშვენლოვანი ინსტრუმენტი იყო:

  • პერმანენტული აქციები,
  • ორგანიზაციის საკმაოდ პოპულარული Facebook ჯგუფი, რომელსაც 18000-მდე წევრი ყავდა, გამოყენებულ იქნა კამპანიის პლატფორმად. ჯგუფის მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, ხდებოდა აქციების დაანონსება, მოხალისეთა მობილიზაცია.
  • კამპანიის ადგილობრივიდან ნაციონალური მასშტაბზე ასაყვანად ამავე ჯგუფში დაიწყო ფოტო-კამპანია “სამი”, რომელმაც დიდ წილად განსაზღვრა კამპანიის ბედი.

ფოტო-კამპანია “სამი”

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოდგა ე.წ. ვირუსული ფოტო-კამპანია “სამი”.  ადამიანები ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნების მიზნით იღებდნენ  ფოტოს სადაც ჩანდა სამი თითი, დებდნენ სოციალური ქსელში და ფოტოზე სასურველი სამი ადამიანის მონიშვნით  სთხოვდნენ მათ გაეკეთებინათ იგივე. აღნიშნული კამპანია გაცდა ბათუმის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საზღვრებს, მან მთელი საქართველო მოიცვა. სოციალური ქსელი აჭრელდა “სამის ”ფოტოებით. ამ აქტივობამ უზრუნველყო პრობლემის ადგილობრივიდან  ნაციონალურ დონეზე აყვანა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”   ჩაატარა შესყიდვებისა და ზოგადად, პროცესის ანალიზი,  შედეგად გაარკვია, რომ:

  • ბულვარში დაგეგმილი და განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს ეწინააღმდეგება;
  • ბათუმის ბულვარის კონცეფციის დაგეგმარება-შემუშავების მიზნით შექმნილი კომისია ძირითადად საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა და მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს;
  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბულვარის კონცეფციის შესაქმნელად სსიპ “ბათუმის ბულვარსა” და კომპანია “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან” მოლაპარაკებები წინასწარ გაიმართა.
  • პროექტში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, გახდეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მიზეზი;
  • სსიპ “ბათუმის ბულვარმა“ სამუშაოების ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასხვა პროექტიწარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბულვარის მესაკუთრის (ბათუმის მინიციპალიტეტის) ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

აღნიშნულმა პრობლემებმა კიდევ უფრო მკაფიო გახადა არსებული პროექტის განხორციელების მიზანშეუწონლობა.

2016 წლის იანვრის დასაწყისში ბათუმში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწა. თოვლმა დააზიანა მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ორგანიზაცია “ბათომმა” 4 იანვარს წამოიწყო აქცია, რომლის ფარგლებში ყველა მსურველს შეეძლო ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიეღო მონაწილეობას. აქტივობამ დიდი პოპულარობა შეიძინა, რითაც ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ბულვარის დაცვა – გადარჩენაზე ორიენტირებულ ადამიანთა გააქტიურებას, მათ შორის კომუნიკაციის დამყარებას და კამაპანია “დაიცავი ძველი ბულვარის” გარშემო მობილიზებას.

კამპანიის პროცესში გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, დახურული და საჯარო  შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ბრიფინგები, ლექციები. კამპანია აქტიურად შუქდებოდა მედია საშალებებით.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა ანუ კეთილი დასასრული

2016 წელის 4 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების გზებზე. იყო საუბარი, თუ რამდენად შეიძლებოდა სამართლებრივ ფარგლებში ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო ან შეწყვეტილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამართლებრივ ჩარჩოებში შესაძლებელია ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ პროცედურებისა და მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება მოთხოვნას ბულვარის კონსერვაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბულვარის კონსერვაცია ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ამაზე მუშაობის დაწყება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანია დავითანხმეთ ხელშეკრულების ორმხრივ შეწყვეტაზე. თუმცა ჩვენ ავანაზღაურებთ იმ სამუშაო ღირებულებას, რაც უკვე შეასრულა დრიმ ოაზისმა. სიტყვიერად შევთანხმდით, თუმცა უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით“, – გაზეთი “ბათუმელები”, 12/04/2016

დასკვნა

კამპანიამ “დაიცავი ძველი ბათუმი“ სწორი კომუნიკაციის, მკაფიოდ განსაზღვრული, მიღწევადი მიზნით,  განსხვავებული ადამიანების ინტერესების ბალანსით და მათი ერთი პლატფორმის გარშემო გაერთიანებით შეძლო მიეღწია მიზანს.

კამპანია “დაიცავი ძველი ბულვარის” გადასარჩენად წარმართული კამპანია ნათელი მაგალითია იმისა  რომ, თანმიმდევრული  ადვოკატირების კამპანიები ხშირად გარანტია წარმატებისა. ხშირად წაგებული ერთი ბრძოლა არ ნიშნავს წაგებულ ომს. მიუხედავად იმისა რომ, 2011 წლის კამპანია იმ კონკრეტულ მომენტში წარუმეტებელი აღმოჩნდა, მაშინ დაწყებულმა პროტესტმა უზრუნველყო 2016 წლის გამარჯვება.